ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერება
ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერება შეისწავლის მონათესავე ენათა განვითარების გზებს შედარებითი მეთოდის მეშვეობითა და წარმოადგენს ენათმეცნიერების, როგორც ჰუმანიტარული მეცნიერების, საფუძველს. როდესაც მონათესავე ენებს სწავლობენ, შედარება საშუალებას წარმოადგენს, ენის (ენათა) ისტორია კი მიზანია. მონათესავედ მიაჩნიათ ისეთი ენები, რომლებიც ერთი ენისგან მომდინარეობენ, ერთი ენის დიალექტთა დიფერენციაციის პროცესში გაჩნდნენ. ენას, რომლის დიფერენციაციის შედეგად მონათესავე ენები ჩნდება, ფუძე-ენა ჰქვია.
მონათესავე ენებში საერთოც შეინიშნება და განსხვავებულიც. საერთო, როგორც წესი ფუძე-ენიდან მოდის; განსხვავება, როგორც წესი, განვითარების, დიფერენციაციის პროცესის შედეგად წარმოიქმნება. შედარებამ უნდა გვიჩვენოს, როგორ წარმოიქმნება ეს განსხვავება, შეგვაძლებინოს მონათესავე ენათა წარმოქმნის, მათი ისტორიის რეკონსტრუქცია.
მონათესავე ენათა შედარება გულისხმობს ლექსიკის (მარტივი ფუძეების ანუ ძირების), ბგერების (ფონემების), ფორმანტებისა და შესიტყვების (სინტაგმის) სტრუქტურის შესწავლას. შესაბამისად, მივიღებთ მონათესავე ენათა შედარებით (უკეთ: ისტ.-შედარებითს) ლექსიკონს, ასეთსავე ფონეტიკას, მორფოლოგიასა და სინტაქსს.
შედარებით ლექსიკონში ერთმანეთს უდარებენ მონათესავე ენათა ისეთ სიტყვებს (ძირებს), ფორმანტებს, რომელთაც საერთო წარმოშობა აქვთ, ე. ი. ერთი და იმავე ბგერითი მასალის ნაირსახეობას წარმოადგენენ, სულ ერთია, შეუნარჩუნებიათ ძვ. მნიშვნელობა თუ უცვლიათ იგი. სვანური ჭაშ("ქმარი") შეესატყვისება და უნდა შევუდაროთ ქართ. კაც-ფუძეს ("ჩემი კაცი" - "ჩემი ქმარი"): ჭაშკაჩ: კ გააფრიკატდა, ხოლო ჩ გაასპირანტდა. ზანური ჯა "ხე" შეესატყვისება ქართ. ძელს... ჭან. ი-ქთ-ენ ნიშნავს "ტრიალებს", მაგრამ შეესატყვისება ი-ქც-ევ-ი-ს ფუძეს (ძვ. ქართ. "მახჳლი იქცევისი"- მახვილი რომელიც ტრიალებს)...
დიფერენცირებული ვარიანტების საფუძველზე გამოყოფენ ბგერათა ფარდობებს ანუ შესატყვისობებს (მაგ; ქართ. ც, ძ, წ... ე, ა-ს ეფარდება ზანური ჩ, ჯ, ჭ... ა, ო). ამგვარი ფარდობა საშუალებას იძლევა დავაკავშიროდ ზანური უჩაშ-"უფროსი" და ქართ. ხ-უცეს-ფუძე (ნ. მარი). ხ-უცეს-ი უფროსს ნიშნავდა (მღვდელმსახურთა შორის)... ინგლ. "Town" (ქალაქი) გერმანულში იქნება "Stadt". "town" და "Stadt" ერთი და იმავე მნიშვნელობის სიტყვებია, ოღონდ ფუძეა სხვადასხვა. ინგლ. "Town" ფუძის ფარდია გერმ. "Zaun" (ღობე): თაუნ (ცაუნ) ღობეს, შემოკავებულ ადგილს ნიშნავდა ძველად (შდრ. город, град, о-град-а).
შედარებით ძიებას შეუძლია გაგვირკვიოს სიტყვის მეცნიერული ეტიმოლოგია, რასაც კულტურისა და აზროვნების ისტორიისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. "სექტემბერი", ოდნავ სახეცვლილი ლათ. სეპტემ-ბერ (SEPTEMBER), შეიცავს SEPTEM- "7-ს", სექტემბერი მე-7 თვედ მიაჩნდათ, რადგანაც წლის პირველი თვე ძველად მარტი იყო.
ენათა განვითარება რომ დიფერენციაციის პროცესებით ამოიწურებოდეს, ენის ყოველი მხარე (ლექსიკა, ბგერები, სიტყვის ფორმები...) რომ თანაბარი ტემპებით იცვლებოდეს, ი.-შ. ე. ენის ისტ. ზედმიწევნითსა და სრულ სურათს მოგვცემდა.
მაგრამ ეს პირობები არ მოგვეპოვება: ენის სხვადასხვა მხარე არათანაბრად ვითარდება, რაც მთავარია, დიფერენციაციის(დივერგენცია) პროცესების გარდა მოქმედებს ინტეგრაციის (კონვერგენციის) პროცესები, რომლებიც საწინააღმდეგო მიმართულებისაა: თუ დივერგენცია ენათა სხვაობის ზრდაში გამოიხატება, კონვერგენციის შედეგად ენაში მატულობს საერთო მოვლენები.
ი.-შ. ე-ს არ მოეპოვება კონვერგენციის პროცესების შესასწავლი სპეციალური მეთოდები; ი. -შ. ე., რომელიც დაფუძნებულია მხოლოდ დიფერენციაციის პროცესების შესწავლაზე, უკმარია ენის ისტ. შესწავლის თვალსაზრისით და ესაა მისი ძირითადი ნაკლი. არსებული ხარვეზების ამოვსებას ცდილობს "არეალური ლინგვისტიკა", ცნება "ენათა კავშირი. მაგრამ კონვერგენციის პროცესთა შესწავლისათვის საჭირო სპეც. მეთოდების საკითხი მაინც გადაუჭრელი რჩება.
ხსენებული ნაკლის მიუხედავად, ი.-შ. ე-ს უკავშირდება ძირითადი მიღწევები, რომლებიც ენის მეცნ. შესწავლას მოეპოვება. ენის ისტორიის დახმარება აუცილებელია ენის სისტემის აღწერისათვის.
ი.-შ. ე მონათესავე ენების შესწავლის პროცესში წარმოიქმნა. მონათესავე ენები ფუძე-ენას ვარაუდობენ ამოსავლად, ფუძე-ენის რეალობა სავარაუდოა. ამ ვარაუდიდან არ გამომდინარეობს, რომ ი.-შ. ე. მიზნად უნდა ისახავდეს ფუძე-ენის აღდგენას. ფუძე-ენის ამა თუ იმ თავისებურებას შეიძლება მივაკვლიოთ, მაგრამ მთლიანად ფუძე-ენის აღდგენა არარეალური ამოცანა იქნებოდა. ი.-შ. ე-ის ამოცანაა მონათესავე ენათა რეალური ისტორიის მეცნ. ზედმიწევნილობით კვლევა და სათანადო კანონზომიერებათა გამოვლენა და არა ფუძე-ენის, resp. წინარე-ენის, აღდგენა.
ლიტერატურა
რედაქტირება- არნოლდ ჩიქობავა, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 251.
- შარაშენიძე თ., ენათა კლასიფიკაციის პრინციპები, თბ., 1958;
- ჩიქობავა ა., ზოგადი ენათმეცნიერება, [ტ.] 2-ძირითადი პრობლემები, თბ., 1945;
- Макаев Э. А., обшая теория сравнительного языкознания, М., 1977;
- Мейе А., Сравнительный метод в историческом языкознании, пер. с франц., М., 1954;
- Общее и индоевропейское языкознание, М., 1956.