ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა

ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა, ივერიის ისტორია — თხზულება საქართველოზე, შედგენილი თეიმურაზ ბატონიშვილის მიერ 1843 წლის 22 მაისს. ისტორია მოიცავს პერიოდს უძველესი დროიდან — მირიან მეფემდე.

შექმნის ისტორია

რედაქტირება

თეიმურაზ ბატონიშვილმა პეტრებურგში გადასახლებისას, ჯერ კიდევ მარი ბროსეს გაცნობისთანავე იწყო თეიმურაზმა მუშაობა „ივერიის ისტორიის“ დასაწერად:

 
„სრულიად გიორგიისათვის — სწერს იგი ბროსეს — (ესე იგი ივერიისა რომელ არს საქართველო) მე მრავალი მატერია მაქვს ამისათვის, რომელიც დიდის გამოძიებით რა მე შენ გაგიცან ამას უკან ვიწყევ შეკრება და ისეთი რამ უნდა წარმოვადგინო მაგ დიდებულს საზოგადოებაში რომ შესარაცხად არ შეიქმნეს ჩემი ღვაწლი.“
(„წერილები“, ფურცელი 50)

უფრო ადრე 1831 წელს წერდა:

 
„მე აწ ვმეცადინეობ ადრიდგანვე ხელყოფილსა ჩემისა საქართველოს ისტორიისა უძველესით ჟამიდგან ვიდრე აქომამდე წვლილად აღწერასა, რომელსაც ერთსა პირველსა ნაწილსა მისსა ამ წიგნთა შემდგომ წარმოვგზავნი.“
(„წერილები“, ფურცელი 7)

როგორც ჩანს საკმაო მუშაობის შემდგომ თეიმურაზს განუზრახავს დაეწერა ორი წიგნი საქართველოს ისტორიიდან. 1835 წლის 23 ნოემბერს იგი ბროსეს სწერდა:

 
„ერთს მცირეს და სავსეს საკმაოდ ვისაც ნებავს საქართველოს ისტორიის უწყება და მეორეს დიდსა და ვრცელს. ის ჯერ ადვილად არ შესრულდება, მაგრამ თუ ცოცხალი ვარ ღვთის შეწევნით წელიწადი და ნახევარი მოუნდება... ეს წიგნი ღმერთს ერწმუნე ღამე და დღე ხელში მიჭირავს, ჩემისა ხელითა ვწერ. არ შეიძლება რომ სხვას დავაწერინო, წამიხდენენ, როგორც რომ გათავდება ის პირველი შემოკლებული ქრისტესშობისათვის გასვლამდის და თუ მეორეს თვემდის მაშინვე გამოგიგზავნი.“
(„წერილები“, ფურცელი 50)

მისი დაუღალავი შრომა ავადმყოფობამ შეანელა:

 
„ღვთით საქართველოს ისტორიის წერაში ვარ და ცოტა ხანს შეუძლოდ ვიყავ და დაბრკოლება ამისათვის მომეცა.“

ხოლო როცა 1836 წლის იანვრიდან ავად გახდა, მიუხედავად ექიმების მხრიდან აკრძალვისა წერა არ შეუჩერებია, ხოლო მისი პრუსიაში მოგზაურობამ მუშაობა რამდენიმე თვით შეაჩერა.

დაბრუნებისთანავე ისევ განაგრძო მუშაობა. 1837 წელს ზოგი ნაწილი უკვე დამთავრებული ჰქონდა:

 
„ჩემი მისწრაფება დღითი დღე ეს არის ისტორია საქართველოსი ეგების შევასრულო და ღვთის მოწყალების იმედი მაქვს ყოვლითურთ ვცდილობ რომ მრავლის დამოწმებით ჭეშმარიტება ჰქონდეს. ზოგნი, მზათა მაქვს კიდეც და მსურდა გამომეგზავნა.“
(„წერილები“, ფურცელი 63)

ამგვარი მუშაობით ივერიის ისტორიის წერა მისი სიცოცხლის უკანსაკნელ წლებამდე გაგრძელდა. მართალია დაუმთავრებელი არ დარჩენია, მაგრამ გამოუცემელი კი დარჩა. ბროსე წერს: „ოცი წელი მუშაობდა იგი ქართველი ხალხის ვრცელი ისტორიის შეთხზვაზე... ცნობილია მხოლოდ ის, რომ ავტორს სურდა ესარგებლა ყველა, როგორც ქართული, ასევე რუსულ ენაზე გადაუთარგმნელი უცხო მასალებით“[1].

აღნიშნული თხზულება „ისტორია დაწყებიტგან ივერიისა, ე. ი. გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“ თეიმურაზის მეუღლის ელენეს თხოვნისა და ბროსეს შუამდგომლობის შემდეგ აკადემიის წინაშე, გამოცემულ იქნა დ. ჩუბინოვის მიერ. სანქტ-პეტერბურგს 1848 წელს.

ზაქარია ჭიჭინაძის სიტყვვებით მას დაწერილი ჰქონდა საქართველოს ისტორიის მეორე ტომიც, რომელიც დაიკარგაო[2].

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შ. მესხია, „თეიმურაზ ბატონიშვილი“, თბ. 1982, გვ. 34-35

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Броссе, Некролог, Ж, М. Н. Пр. გვ. 39
  2. ზ. ჭიჭინაძე, „საქართველოს ცხოვრება“, თბ. 1913, გვ. 32
  3. თეიმურაზ ბატონიშვილი „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“, გვერდები: 210–220.