ისმაილ ყარა
ისმაილ ყარა (დ. 1945 — გ. 1998) — ქართველი მწერალი.
ისმაილ ყარა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1945 |
გარდაცვალების თარიღი | 1998 |
საქმიანობა | მწერალი |
ბიოგრაფია
რედაქტირებათურქეთში მცხოვრებ ქართველთა ეროვნული ცნობიერების გაღვივების საქმეში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მწერალმა ისმაილ ყარა შავიშვილმა, რომლის თურქულენოვანი შემოქმედების მთავარი თემა თურქეთში მცხოვრები ქართველების ყოფა-ცხოვრების მხატვრული წარმოსახვაა.
მწერალი 1945 წელს დაიბადა იმერხევის ქართულ სოფელ შოლთისხევში. მიუხედავად იმისა რომ ხსენებული რეგიონი სამ საუკუნეზე მეტია თურქეთის შემადგენლობაშია მოქცეული, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს იქ კვლავაც ქართველები შეადგენენ. აღნიშნულმა გარემომ არსებითად განმსაზღვრელი ზეგავლენა იქონია ისმაილ შავიშვილის ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებაზე. პირველდაწყებითი განათლება წყალსიმერის დაწყებით სკოლაში მიიღო. იმერხეველთა ყოველდღიურ ყოფაში ქართული ენა იმდენად ფართოდ ყოფილა დამკვიდრებული, რომ მოსწავლეთა უდიდეს ნაწილს საერთოდ არ სცოდნია თურქული, რაც ხელს უშლიდა სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვის საქმეს. ვითარების გამოსწორების მიზნით, სკოლის ხელმძღვანელობას მოსწავლეებისათვის მშობლიურ ენაზე საუბარი აუკრძალავს და ამ ბრძანების შესრულებაზე მკაცრი კონტროლი დაუწესებია. სოფლის დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ ისმაილმა სწავლა ჯერ ართვინის საშუალო სკოლაში განაგრძო, შემდეგ კი დუზჯეს ლიცეუმში, რომელიც 1961 წელს დაასრულა. ეკონომიკური გაჭირვების გამო უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ანკარაში ორწლიანი ეკონომიკური კურსები დაამთავრა და სხვადასხვა დროს ეკონომისტად მუშაობდა რიზეში, ყარადერეში, ორჰანგააზში, ქელესსა და ინეგოლში. 1969 წელს მწერალმა ცოლად შეირთო ქართველი ქალი ხატიჯე სარაჩი (ნიღმაძე). 1984 წლიდან ისმაილი ქალაქ ინეგოლში დასახლდა. ინეგოლში დასახლება მწერალმა, იმიტომ გადაწყვიტა, რომ ეს ქალაქი ძირითადად ქართველებით იყო დასახლებული.
ისმაილ შავიშვილის ქარუთლი ცნობიერაბა მთელი ძალით არის გამოვლენილი მის მხატვრულ შემოქმედებაში, კერძოდ, რომანში „მაჭახლის უღელტეხილი“, რომელის ქართული თარგმანი გამომცემლობა „აჭარამ“ 1992 წელს 20 000 ტირაჟით გამოსცა. წიგნი ქართულ ენაზე თარგმნეს მწერლის მეუღლემ ხატიჯე სარაჩმა და მწერალმა ემენ დავითაძემ.
1989 წელს ისმაილ შავიშვილმა საქართველოში მისი მოგზაურობის შედეგად მიღებული შთაბეჭდილებები აღწერა. ამ მოგზაურობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ემოციურ სიმძაფრეს სძენდა ის ფაქტი, რომ ამით მწერალმა და მისი ოჯახის წევრებმა პირველად ნახეს თავიანთი ისტორიული სამშობლო. ისმაილ შავიშვილის პუბლიცისტური ნარკვევბის ციკლი უაღრესად საინტერესოა იმითაც, რომ იგი თურქეთში მცხოვრები ჩვენებურების ეროვნულ ყოფასთან და ცნობიერებასთან დაკავშირებული საჭირბოროტო საკითხების შესახებაც გვაწვდის გარკვეულ ინფორმაციას. მწერალი თავისი მოღვაწეობის ერთ-ერთ უმთავრეს მოვალეობად ჩვენებურების ზეპირი შემოქმედების შეგროვებას მიიჩნევდა. მისი მიზანი იყო თურქეთში მცხოვრებ ქართველებში გავრცელებული თქმულებების შეგროვება და ცალკე წიგნად გამოცემა. სამწუხაროდ ისე გარდაიცვალა, რომ ვერ მოასწრო ჩვენი თანამემამულეების ზეპირსიტყვიერების ნიმუშების ცალკე წიგნად გამოცემა. 1998 წელს ისმაილ ყარა შავივიშვილი ინეგოლში გარდაიცვალა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნიკოლეიშვილი ავთანდილ. ისმაილ ყარა (შავიშვილი) – ნამდვილი ქართველი გულითაც და ცნობიერებითაც //ქართულენოვანი ზეპირსიტყვიერება და მწერლობა თურქეთში. ქთ., 2015 გვ. 257-274.