ირინე მელიქიშვილი
ირინე მელიქიშვილი (დ. 29 მაისი, 1943, თბილისი — გ. 2 დეკემბერი, 2013)[1][2] — ქართველი ენათმეცნიერი, ფილოლოგი.
1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილება.
1965-1968 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილების უფროსი ლაბორანტი, 1968-1986 წლებში უმცროსი და უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1995-2005 წლებში სულხან საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართულ ენათა კვლევის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი; 1986-2006 წლებში გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ზოგადი ფონეტიკისა და აღმოსავლურ ენათა ტიპოლოგიის განყოფილების წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 2006 წლიდან ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი იყო; 2000 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის თეორიული და შედარებითი ენათმეცნიერებისა და ფონეტიკის ინსტიტუტის პროფესორი, 2005-2006 წლებში კათედრის გამგის მოვალეობის შემსრულებელი; 2006 წლიდან ამავე ინსტიტუტის სრული პროფესორი. არის ავტორი 65 სტატიისა და 2 მონოგრაფიის: „მარკირების მიმართება ფონოლოგიაში“ (თბილისი, 1976); „ძირის სტრუქტურათა ტიპოლოგია და საერთო–ქართველური ძირი“ (თბილისი, 2009).
საკანდიდატო დისერტაციის თემა — „მარკირების მიმართება ფონოლოგიაში“, დაიცვა 1972 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა — „საერთო ქართველური ძირი სტრუქტურული და ტიპოლოგიური თვალსაზრისით“, დაიცვა 1997 წელს.
2009 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ–კორესპონდენტი და ტიპოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი.