ირანული ტიპის ქართული ხმალი

ირანული ტიპის ქართული ხმალი — ქართული ხმლის ერთ-ერთი სახეობა.

ხმლის სიგრძე - 91,5 სმ, პირის - 77 სმ. ხმლის პირი ფოლადისაა, შუა წელზე მკვეთრად მოხრილია, ცალლესული, უღარო. ასეთი ტიპის ირანული ხმლები უმრავლეს შემთხვევაში ბულატის ფოლადისაგანაა დამზადებული. აღნიშნულ ხმალზე ვიზუალური დაკვირვებით ბულატის ფოლადის სტრუქტურა არ შეინიშნება. პირის ზედა მხარეს ვადაჯვართან ახლოს დიაგონალურად წაგრძელებული მართკუთხედია გამოსახული, რომელიც წინწკლებით და რკალებითაა მორთული. ამ ფიგურისაგან მოშორებით ამოკაწრულია ოვალური ფორმის ყვავილოვანი ორნამენტი, რომელიც ასევე წინწკლებითა და მცირე ზომის რკალებითაა მორთული. ასეთი ორნამენტი დამახასიათებელია XVII-XVIII საუკუნეების სპარსული ხმლების მორთულობისათვის, რომლებზეც ძირითადად იწერებოდა ყურანიდან ნაწყვეტები, ხოლო ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ირანული ხმლის პირის ქართულ მინაბაძთან, სადაც გადმოტანილია ორნამენტის მხოლოდ ფორმა, შესრულების დონე კი საკმაოდ დაბალია.

ხმალზე დაგებულია ფოლადის ვადაჯვარი, რომელიც ზედა მხარეს თითბრით მოზარნიშებული ყვავილოვანი ორნამენტით არის მორთული, ხოლო უკანა მხარეს თითბრის ზარნიშით მხოლოდ გეომეტრიული კლაკნილი ხაზებია გამოყვანილი, რომლებიც მთლიანობაში თითქოსდა ოთხგვირგვინიან ფიგურას ქმნის. ტარი დამზადებულია ხისგან და მასზე გადაკრულია შავი ტყავი. ტარზე სამი ვერცხლის სალტეა. ვერცხლის ფირფიტა გადაკრულია ასევე ტარის მოხრილ ადგილას (ვაშლზე). ვაშლის ვერცხლის ფირფიტაზე დამაგრებულია ვერცხლის ძეწკვი ორნამენტირებული ბურთულით, რომელიც ვადაჯვარს უერთდება. სალტეების შუა ადგილებში ტარი რვა ვერცხლის გობაკითაა შეჭედილი. ტარის ფორმა ვაშლთან შედარებით ვიწროა და ვადაჯვარისკენ ფართოვდება. ტარის ასეთი მოყვანილობა ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია ქართული ვადაჯვრიანი ხმლებისა. ქარქაში დამზადებულია ხისაგან, რომელზეც გადაკრულია მოყავისფრო-მოშავო ფერის ტყავი. ქარქაშზე დამაგრებულია ორი სალტე და ბუნიკი. სალტეების ზედაპირზე თითბრის ზარნიშით შესრულებულია მწოლიარე ლომის სტილიზებული გამოსახულება, რომელიც ოვალურ ჩარჩოშია ჩასმული. თითბრის ზარნიშითაა მორთული ბუნიკიც, რომელზეც კუდაწეული ლომის ფიგურა და დაკლაკნილი გველია გამოსახული. ლომსა და გველს შორის არსებული სივრცე შევსებულია გეომეტრიული ორნამენტებით. აღნიშნული ხმალი ირანული ტიპის ქართულ ხმლებს მიეკუთვნება. ამ ფაქტს ადასტურებს ტარისა და ვადაჯვრის ფორმა-მოყვანილობა, ასევე პირის მორთულობის არადამაკმაყოფილებელი ცოდნა. ასეთი ტარები ქართულ ხმლებს ახასიათებს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქაფიანიძე მ., ქართული ხმლების ტიპოლოგიისათვის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე, N 1, 2010
  • ორბელიანი პ., ამბავნი ქართლისანი, თბ., 1981