ირაკლი ვეზირიშვილი

ირაკლი იოსების (ნიკოლოზის) ძე ვეზირიშვილი (დ. 1 აგვისტო, 1866, სოფ. ოსიაური, ახლანდ. ხაშურის მუნიციპალიტეტი, — გ. წ. უცნობია) — ქართველი სამხედრო პირი, გენერალი (1919).

დაიბადა ოსიაურელი მემამულისა და პოეტის, თავად ნიკოლოზ (იოსებ) ვეზირიშვილის და ნინო ბეგთაბეგოვის ოჯახში. სწავლობდა თბილისის კადეტთა კორპუსსა და კონსტანტინეს მე-2 სამხედრო სკოლაში, დაამთავრა ალექსანდრეს სამხედრო-იურიდიული აკადემია (1901). სამხედრო სამსახურში იყო 1885 წლიდან. 1907 წელს მიიღო პოდპოლკოვნიკის, 1911 წელს — პოლკოვნიკის წოდება. 1907-1911 წლებში მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო გამომძიებლად, 1911-1917 წლებში — კავკასიის სამხედრო-საოლქო სასამართლოს სამხედრო პროკურორის თანაშემწედ.

1918 წლიდან იყო საქართველოს რესპუბლიკის ჯარში, 1919-1921 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო პროკურორი. შემდგომი ბედი უცნობია. 1907 წლიდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი. დაჯილდოებულია წმ. ანას III (1906) და II (1915), წმ. სტანისლავის II (1909) და წმ. ვლადიმერის IV (1915) ხარისხის ორდენებით. ცოლად ჰყავდა ანასტასია, პოლკოვნიკ პავლე მაჭავარიანის ასული.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბახტაძე მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 165.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • ირაკლი ვეზირიშვილი — საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) პროსოპოგრაფიული ბაზა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი)