იოსებ ჯიბლაძე
იოსებ ჯიბლაძე (დ. 15 სექტემბერი, 1909 — გ. 15 სექტემბერი, 1967) — ქართველი გეოგრაფი და პედაგოგი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი (1948), დოცენტი.
იოსებ ჯიბლაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 15 სექტემბერი, 1909 |
დაბ. ადგილი | თბილისი |
გარდ. თარიღი | 15 სექტემბერი, 1967 (58 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა | სსრკ |
საქმიანობა | გეოგრაფი |
მუშაობის ადგილი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაიოსებ ჯიბლაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი 1932 წელს; 1936 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა გეომორფოლოგიის სპეციალობით.[1]
მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური გეოგრაფიის კეთედრის ასისტენტად; 1937–55 წლებში ჯერ უფროსი მასწავლებელი იყო, შემდეგ დოცენტი; 1937–38 წლებში შეთავსებით მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ გეოგრაფიის სამეცნიერო-საკვლევი ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად და სწავლულ მდივნად. იოსებ ჯიბლაძე 1949–55 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი; 1937–50 წლებში თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიის კათედრის გამგე.[1]
საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1948 წელს თემაზე: „მდ. მტკვრის გეომორფოლოგია მცხეთასა და სოღანლუღს შორის“. იოსებ ჯიბლაძე 25 სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, რომელთა შორის, აღსანიშნავია გეომორფოლოგიური ხასიათის შრომები. ავტორია მრავალი სამეცნიერო-პოპულარული ნარკვევისა და სტატიისა. თარგმნა სახელმძღვანელოები — მეხუთე კლასის „ფიზიკური გეოგრაფია“ და მეშვიდე კლასის „სსრ კავშირის ფიზიკური გეოგრაფია“.[1]