იოსებ ემინი
იოსებ ემინი (სომხ. Յովսէփ Էմին; დ. 1726, ჰამადანი, ირანი, — გ. 2 აგვისტო, 1809, კალკუტა) — სომეხი მოგზაური, მწერალი, განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე.
წარმოშობით ინდოეთის სომეხ ვაჭართა წრიდან იყო, სამხედრო განათლება ინგლისში მიიღო. იქვე გაეცნო ევროპული განმანათლებლობის იდეებს. 1759-1760 წლებში პირველად ეწვია სომხეთს. ემინის წარმოდგენით სომხეთის გათავისუფლება ირანისა და ოსმალეთის ბატონობისგან უნდა მომხდარიყო ქართულ-სომხური ფედერაციული სახელმწიფოს ფარგლებში, არსებობის გარანტია რომელიმე ძლიერ და განვითარებულ სახელმწიფოს მფარველობას უნდა უზრუნველეყო. ემინი თავისი პოლიტიკური პროგრამის რეალიზაციისათვის მხარდამჭერ მფარველებს თავდაპირველად ინგლისში, შემდეგ კი რუსეთში ეძებდა, მაგრამ მხოლოდ თანაგრძნობის სიტყვები მიიღო. პეტერბურგში თეიმურაზ II-ის სტუმრობას შეესწრო და იმედი მიეცა, რომ ქართველი მეფე დაიყოლიებდა რუსეთს კავკასიის ქრისტიანების მფარველობაზე.
1763 წელს ემინი მოვსეს ბაგრამიანის თანხლებით, თეიმურაზ II-ის ხელშეწყობითა და კანცლერ მ. ვორონცოვის სარეკომენდაციო წერილით რუსეთიდან საქართველოში გამოემგზავრა თავისი პოლიტიკური პროგრამის ერეკლე II-თან განსახილველად. მისი აზრით, ქართული სამხედრო ძალისა და სომხური კაპიტალის შეერთება უზრუნველყოფდა მეზობელი ხალხების დამოუკიდებელ განვითარებას, რისთვისაც საჭირო იყო ბურჟუაზიული ხასიათის ზოგიერთი რეფორმის გატარება. მიუხედავად ემინთან თავდაპირველი თანამშრომლობისა, ოსმალეთთან პირდაპირი შეჯახების საფრთხე აიძულებდა ერეკლეს სომეხი მოღვაწის იდეებს ფრთხილად მოკიდებოდა. ემინის წინააღმდეგ გამოვიდნენ სომეხთა კათოლიკოსი სიმეონი და თბილისის სომეხი ვაჭრებიც. 1764 წელს იმედგაცრუებულმა ემინმა საქართველო დატოვა და წარუმატებლად სცადა ყარაბახის სომხებს შორის აჯანყების მოწყობა. 1770 წლიდან კალკუტაში ცხოვრობდა. თავისი თავგადასავალი ემინმა აღწერა ავტობიოგრაფიაში, რომელიც 1792 წელს გამოვიდა ლონდონში ინგლისურ ენაზე.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- The Life and Adventures of Joseph Emin an Armenian, written in English by himself, L., 1792.
ლიტერატურა
რედაქტირება- მაისურაძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.
- Иоаннисян А. Р., Иосиф Эмин, Ер., 1989.
- George A. Bournoutian. Eastern Armenia from the 17th Century to the Russian Annexation // The Armenian People from Ancient to Modern Times / Richard G. Hovannisian. — Palgrave Macmillan, 1997.