იონური ბმა
იონური ბმა, ელექტროვალენტური ბმა, ჰეტეროვალენტური ბმა — ქიმიური ბმის ერთ-ერთი სახე, რომელიც წარმოქმნილია საწინააღმდეგო ნიშნის მქონე დამუხტულ იონებს შორის ელექტროსტატიკური მიზიდვის ძალებით. ნაერთს, რომელიც ასეთი ბმით მიიღება, იონური ნაერთი ეწოდება. იონური ბმა კოვალენტური ბმის ზღვრული შემთხვევაა. იგი წარმოიქმნება იმ ატომებს შორის, რომელთა ელექტროუარყოფითობა მნიშვნელოვნად განსხვავდება, ამიტომ იონური ბმა მყარდება ლითონსა და არალითონს შორის. ამგვარი ბმა ძირითადად ახასიათებს ტუტე ლითონთა ჰალოგენიდებს, მაგალითად კალიუმის ფთორიდს (), ვინაიდან ტუტე ლითონებს გარე ელექტრონულ გარსზე თითო სუსტად ბმული ელექტრონი აქვს, ჰალოგენების ატომებისათვის კი დამახასიათებელია ელექტრონისადმი დიდი სწრაფვა.


ლითონის ატომები გადასცემენ გარე შრის ელექტრონებს არალითონის ატომებს, რის შედეგადაც ლითონის ატომს რჩება წინა ინერტული აირის მდგრადი ოქტეტი (ანუ 8 ელექტრონი გარესწინა შრეზე), ხოლო არალითონის ატომი იძენს მომდევნო ინერტული აირის მდგრად ელექტრულ ოქტეტს (8 ელექტრონი გარე შრეზე). მაგალითად, ნატრიუმსა და ქლორს შორის იონური ბმა მყარდება ნატრიუმის ატომიდან ქლორის ატომზე ერთი ელექტრონის გადასვლით. ნატრიუმის ნეიტრალური ატომი გარე შრეზე მოთავსებული 1 ელექტრონს გადასცემს ქლორის ნეიტრალურ ატომს, რომელსაც მდგარადი ელექტრული ოქტეტის მისაღწევად აკლია ერთი ელექტრონი. ქლორი იმუხტება −1 მუხტით, ხოლო ნატრიუმი +1 მუხტით (იხ. ანიმაცია):
სხვადასხვა მუხტებით დამუხტული იონები (კატიონი და ანიონი) ელექტროსტატიკური ძალით იზიდავენ ერთმანეთს და წარმოქმნიან ნაერთს, რომელიც იონებისგან შედგება და იონური ნაერთი ეწოდება:
კატიონის მუხტის რაოდენობას განაპირობებს გაცემული ელექტრონების რაოდენობა, ხოლო ანიონის მუხტის რაოდენობას — მიერთებული ელექტრონების რაოდენობა.
კატიონის რადიუსი ნეიტრალური ატომის რადიუსზე გაცილებით ნაკლებია, რადგან იონში გარე შრის ელექტრონები აღარ არის და ამასთნავე დადებითი მუხტი აახლოვებს შრეებს.
ანიონის რადიუსი ნეიტრალური ატომის რადიუსზე ბევრად დიდია, რადგან უარყოფითი მუხტი აშორებს ელექტრრულ შრეებს.
იონურ ნაერთებს წარმოქმნიან ტიპური ლითონები და არალითონები, რომელთა ელექტროუარყოფითობა აღემატება 2,0-ს. რაც უფრო დიდია სხვაობა ელექტროუარყოფითობას შორის, მით უფრო მდგარდია იონური ნაერთი. იონური ნაერთები გამოირჩევანი დნობის და დუღილის მაღალი ტემპერატურებით.
ლიტერატურა რედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 197.
- ვარდიაშვილი მანანა, ქიმიის საკითხები, თბ., 2010.
- ადამია სერგო, ქიმია : გაღრმავებული კურსი, თბ.: „საქართველოს მაცნე“, 2009. — გვ. 48–49, ISBN 978-9941-406-63-8.