იონიზაცია
იონიზაცია — ელექტრულად ნეიტრალური ატომებისა და მოლეკულებისაგან დადებითი და უარყოფითი იონებისა და თავისუფალი ელექტრონების წარმოქმნა.
ტერმინით „იონიზაცია“ აღნიშნავენ როგორც ელემენტარულ აქტს [ატომიდან (მოლეკულიდან) ერთი ელექტრონის ამოგლეჯა და დადებითი იონის წარმოქმნა. ნაწილაკების თვისებებს ასეთი იონიზაციის მიმართ ახასიათებენ მისი იონიზაციის პოტენციალით], ისე ამგვარი აქტების სიმრავლეთა ერთობლიობას.
აირებში იონიზაცია ხდება ელექტონებთან, იონებთან ან ატომებთან ნეიტრალური ატომების დაჯახებისას (დარტყმითი იონი), აგრეთვე ულტრაიისფერი, რენტგენისა და γ-გამოსხივების ზემოქმედების შედეგად.
სითხეებში იონიზაცია ხდება ელექტროლიტური დისოციაციის შედეგად.
იონიზაცია ხდება აგრეთვე მყარ სხეულებში. ამ შემთხვევაში მას იწვევს კრისტალის სავალენტო ზონიდან გამტარობის ზონაში ელექტრონების გადასვლა, მინარევული ატომების შემთხვევაში კი — მათ მიერ ელექტრონების დაკარგვა ან ჩაჭერა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 196.