იმიერალაის ქედი
იმიერალაის ქედი (ყირგ. Чоң-Алай кырка тоосу) — ქედი ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში. წარმოადგენს პამირის ერთ-ერთ უმაღლეს ქედს. გადაჭიმულია განედური მიმართულებით მდინარე ყიზილსუს გასწვრივ 240 კმ-ზე, სამხრეთიდან საზღვრავს ალაის ხეობას. უმაღლესი წერტილის სიმაღლეა 7134 მ (ლენინის პიკი). ჭარბობს მაღალმთიანი რელიეფი; ჩრდილოეთ კალთაზე მთის ძირთან განვითარებულია თიხის კარსტი. ჩრდილოეთი კალთა უფრო დამრეცია, სამხრეთი მოკლე და ციცაბო. ფირნის ხაზი ამაღლებულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ: ჩრდილოეთ კალთებზე 4200–4500 მ-მდე, სამხრეთისაზე 4500–5400 მ-მდე. ცნობილია 550-ზე მეტი მყინვარი. გამყინვარების საერთო ფართობია 1330 კმ².[1] მყინვარებიდან მნიშვნელოვანია: კორჟენევსკის მყინვარი, ოქტომბრის მყინვარი, დიდი და პატარა საუქდარის მყინვარები. კალთების ქვედა ნაწილში გავრცელებულია მთის სტეპი და მთის მდელო. 40 გადასასვლელიდან ყველაზე მეტად ხელმისაწვდომია დერანგი, თერს-აგარი და ყიზილ-ართი (4280 მ), რომელზედაც გადადის პამირის ტრაქტი. განვითარებულია მთის ტურიზმი და ალპინიზმი. სახელწოდება შემოგვთავაზა 1871 წელს რუსმა მკვლევარმა ალექსეი ფედჩენკომ.[2]
იმიერალაის ქედი | |
---|---|
იმიერალაის ქედი და ალაის ხეობა | |
კოორდინატები: 39°20′ ჩ. გ. 72°55′ ა. გ. / 39.333° ჩ. გ. 72.917° ა. გ. | |
ქვეყანა | ყირგიზეთი ტაჯიკეთი |
უმაღლესი წერტილი | ლენინის პიკი |
სიმაღლე | 7134 მ |
სიგრძე | 240 კმ |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Заалайский хребет // Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-07. ციტირების თარიღი: 2020-11-01.
- ↑ Заалайский хребет // Географическая энциклопедия