ილია სიმონის ძე ფანცულაია (ათონელი) (გარდ. XX ს–ის 30–იან წ.) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირი, მღვდელმონაზონი.

საქართველოში მოღვაწეობამდე იგი წლების მანძილზე ათონის მთაზე, ივერონის მახლობლად მდებარე ელია წინასწარმეტყველის „კელიაში“ ცხოვრობდა. 1920 წელს სხვა ქართველ ბერებთან ერთად მასაც მოუხდა ათონიდან სამშობლოში დაბრუნება. 1922–1924 წლებში იყო ბეთანიის მონასტრის წინამძღვარი. 1924 წელს მან წინამძღვრობა გადააბარა, მღვდელმონაზონ იოანეს (მაისურაძე), თვითონ კი მანგლისის ახალსოფელში გადავიდა საცხოვრებლად.

მღვდელომონაზონი ილია მხარს უჭერდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ანტისაბჭოთა ამბოხებულებს და თვით ქაქუცას სულიერი მოძღვარი იყო. მას შემდეგ, რაც ქაქუცა ჩოლოყაშვილმა დატოვა საქართველო, ილია ფანცულაია იმყოფებოდა ძებნაში, რის გამოც იძულებული იყო დამალულიყო. მოგვიანებით (30-იან წლებში), მღვდელმონაზონი ილია, დააპატიმრეს და დახვრიტეს კომუნისტებმა.

მღვდელმონაზონმა ილიამ ქართველებისგან დაცარიელებული ათონის ივერთა მონასტრიდან საქართველოში ჩამოიტანა რამდენიმე ქართული ხელნაწერი (A.-110, A.-1103, A.-1104, A.-1105). ცნობილია და გამოქვეყნებულია მისი მიმოწერა მოსე ჯანაშვილთან ამ ხელნაწერების გარშემო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე, ბეთანია – „სახლი სიგლახაკისა“, თბ., 2002 წ.
  • გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 35 (243), 2003 წ.
  • ილია (ათონელი) ფანცულაია, ლიტერატურის მატიანე, თბ., 1985-1986, გვ.164-168 (წერილები მოსე ჯანაშვილისადმი, მის მიერ საქართველოში ჩამოტანილ XI ს–ის პერგამენტზე ნაწერ ხელნაწერის შესახებ)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება