ილია მამულია
ილია (ილიკო) დიმიტრის ძე მამულია (დ. 1890, სოფ. ფოცხო, ახლანდ. სენაკის მუნიციპალიტეტი, — გ. 12 ივლისი, 1937) — ქართველი ბოლშევიკი პოლიტიკოსი, ჯანმრთელობის დაცვის საქმის ორგანიზატორი.
1905 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა (ბოლშევიკური) პარტიის წევრი. მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში ჯერ კიდევ ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის პერიოდში. დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი (1915). პირველი მსოფლიო ომის წლებში გაწვეული იყო ჯარში, მსახურობდა ექიმად. დემობილიზაციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოს რესპუბლიკის ჯარში, საიდანაც მალე დაითხოვეს. 1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მსახურობდა ფოსტა-ტელეგრაფის კომისრად, შემდეგ სხვადასხვა დროს იყო თბილისის აღმასკომის ჯანმრთელობის განყოფილების გამგე, რესპუბლიკის ჯანდაცვის სახალხო კომისრის მოადგილე და საკურორტო სამმართველოს უფროსი, საქართველოს სსრ მედმუშაკთა კავშირის თავმჯდომარე, წითელი ჯვრის საზოგადოების თავმჯდომარე. 1937 წლის რეპრესიების დროს დააპატიმრეს და „მემარჯვენე ორგანიზაციის“ წევრობის ბრალდებით დახვრიტეს. რეაბილიტირებულია 1957 წელს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ...და რომ გახსოვდეს : 1921-1953 წ.წ. საბჭოთა ხელისუფლების მიერ საქართველოში პოლიტიკური მოტივით რეპრესირებული სამედიცინო მუშაკები / ავთანდილ ქურხული. თბილისი : რეგთაიმი, 2004. - ISBN 9992808713 — გვ. 172.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ილია დიმიტრის ძე მამულია. საქართველოს ექიმები: ბიოგრაფიული ლექსიკონი.