ილანთაშის ციხე
ილანთაშის ციხე — ციხე თურქეთში ქალაქ არაკლიიდან მდინარე ყარადერეს ხეობაში. უშუალოდ იმ ადგილს, სადაც ძეგლია დაშენებული ჰქვია ილანთაში. ამ მონაკვეთში ხეობა საკმაოდ ვიწროვდება. ციხე აგებული იყო მდინარის მარცხენა მხარეს ხეობისაკენ წინ წამოზიდული კლდოვანი კონხცის თავზე. ხანგრძლივი დროით ეს ტერიტორია და მათ შორის ციხისათვის განკუთვნილიკლდოვანი ბორცვიც ქვისკარიერადგამოიყენებოდა. ამიტომაცაა, რომ ციხისათვის განკუთვნილი ტერიტორიაც და ციხის დიდი ნაწილიც დაანგრიეს და ჩვენამდე შემორჩა მხოლოდ კლდის სამხრეთ-დასავლეთ მონაკვეთში არსებული კედლების საძირკვლის მცირე ნაშთები. როგორც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გადმოგვცეს, ხელისუფლების ჩარევით ამჟამად აქ შეჩერებულია ნგრევის პროცესი და ქვისგატანა. როგორც ჩანს, პერსპექტივაში გათვალისწინებულია გადარჩენილი ნაწილის აღდგენა-გამაგრება. ციხის აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი და ნაწილობრივ ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი თითქმის განადგურებულია. როგორც შემორჩენილი მცირეოდენი ნაშთების მიხედვით ჩანს, ნაგებობის გეგმა თავის დროზე მთლიანად კლდოვანი ბორცვის კონფიგურაციაზე იყო მორგებული. მას ერთადერთი ისიც საკმაოდ რთული მისადგომი სამხრეთიდან უნდა ჰქონოდა. როგორც საძირკვლის ნაშთებიდან ჩანს, აქ კედლების სისქეც შესაბამისად განიერია და იგი 90 სმ ან 1,20 მ-მდე აღწევს. აქ არსებული ნაშთების ფრაგმენტულობის გამო, რაიმე სრულყო-ფილი ანაზომის გაკეთება შეუძლებელია. ჩანს, რომ წყობებში გამოყენებულია კლდის ქვა, რომელსაც ხშირ შემთხვევაში გარე ზედაპირი ჩამოსწორებული აქვს. მშენებლობაში გამოყენებულია მოთეთრო ფერის დუღაბის საკმაოდ თხელი ფენა. ნაგებობა საკმაოდ ადრეული ჩანს. კონკრეტულად მის თარიღზე საუბარი ჭირს. ციხის უშუალო დანიშნულება უნდა ყოფილიყო ზღვის სანაპირო ზოლიდან ბაიბურთ-ჩაიკარას მიმართულებით ხეობაზე გამავალი გზის გაკონტროლება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2014, გვ. 48 ISBN 978-9941-0-6458-6.