ივანე (იაშა) სოლომონის ძე ყანჩელი (დ. 21 მაისი, 1878, ტფილისის გუბერნია, — გ. 1920, ქ. ახალქალაქი) — ქართველი სამხედრო პირი, პოლკოვნიკი (1917).

სამხედრო სამსახური დაიწყო რუსეთის იმპერიის არმიაში 1898 წელს. დაამთავრა თბილისის იუნკერთა ქვეითი სასწავლებელი. წლების განმავლობაში მსახურობდა გრენადერთა მე-14 ქართული პოლკში. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914-1918). 1917 წლის სექტემბრიდან ნოემბრამდე პოლკოვნიკი ყანჩელი მეთაურობდა გენერალ კოტლიარევსკის სახელობის გრენადერთა მე-14 ქართულ პოლკს. დამოუკიდებელი საქართველოს ჯარში იყო მე-11 ათასეულის უფროსი. 1920 წლის იანვარში ტრაგიკულად დაიღუპა ახალქალაქში. დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის III (1907) და II (ხმლებით, 1916), წმ. ანას IV (წარწერით „მამაცობისთვის“, 1916) და II (ხმლებით, 1916), წმ. ვლადიმერის IV (ხმლებითა და ბაფთით, 1917) ხარისხის ორდენებით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • ივანე ყანჩელი — საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) პროსოპოგრაფიული ბაზა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი)
  • Канчели_Иван_Соломонович. «Офицеры русской императорской армии»