ივანე უნდილაშვილის საცხოვრებელი სახლი
ივანე უნდილაშვილის საცხოვრებელი სახლი — დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ უნდილაანთკარში, ისტორიულ ქალაქ დუშეთიდან 6-7 კილომეტრის დაშორებით. ერთსართულიანი ნაგებობა, რომელიც ცოკოლის მაღალ სართულს ეყრდნობა, გეგმით წაგრძელებული ფორმის სწორკუთხედს შემოწერს. სარდაფის სართული ძველი აგურით და რიყის ქვის მონაცვლეობითი წყობით არის ნაშენი. ერთ-ერთ სადგომს, რომელიც მიწაში ღრმად არის ჩასმული დედაბოძი აქვს.
დედაბოძი ისევე როგორც მისი თავხე მოურთავი და უორნამენტოა და ქვის თლილ ბაზისს ეყრდნობა. აღსანიშნავია, რომ დედაბოძიანი სადგომის კედლის ფრაგმენტები რიყის ქვით არის ნაშენი კირის დუღაბზე. საცხოვრებელი სახლი სივრცეში თავისუფლად დგას. მას რიყის ქვის და ახალი (ე.წ. რუსული) აგურით ნაშენი ყრუ ზურგი აქვს. სახლის ზურგის მხოლოდ ერთი ფრაგმენტია რიყის ქვისა. ეზოს ძირითადი სივრცისკენ შენობა გრძივი ფასადის გასწვრივ განვითარებული ხის ღია, ჭვირულმოაჯირიანი აივნით იყურება. აივნის ერთ გვერდზე, მარცხნივ (პირით აივნიანი ფასადისკენ) ხის სწორხაზოვანი კიბეა მიდგმული. აივანი გრძივი გვერდით რიყის ქვისა და აგურის წყობით აშენებულ კედელს ეყრდნობა. ეს ცოკოლია, რომელიც აივნიანი ფასადის შუა მხარეს მიუყვება.
აივნის შიდა, საფასადო სიბრტყე მშვილდა თაღით დაბოლოებული ფანჯრის და კარის ღიობებით არის დანაწევრებული. შენობას ქანობიანი სახურავი აქვს და თუნუქის ფურცლებით არის გადახურული. საცხოვრებელი სახლის გეგმარება ანფილადურია. ინტერიერის მორთულობის თავისებურებას კი თახჩები და წალოები შეადგენს, განაპირა ოთახების კედლები კი სიმეტრიული კომპოზიციის სწორკუთხა ნიშებით არის დამუშავებული. აღწერილი შენობის არქიტექტურა ადგილობრივ ტრადიციას მისდევს. გვრჩება შთაბეწჭდილება, რომ XIX საუკუნის მიწურულის მშენებელი ძველი სახლის ფორმებს დაეყრდნო და სავარაუდოდ მისი სივრცითი სტრუქტურა გაიმეორა. ნაგებობა, მიუხედავად მისი დაზიანებულობისა, ინარჩუნებს მხატვრულ და არქიტექტურულ ღირებულებას. გადმოცემით საცხოვრებელი სახლი უნდილაანთკარის უხუცეს მკვიდრს ივანე უნდილაშვილს (გარდაიცვალა 1912 წელს) ეკუთვნოდა. ივანე უნდილაშვილის არაერთი წისქვილის მფლობელი იყო ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტყის მასივთან ე.წ. სანახშირეზე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39234