ივანე კონიაშვილი
ივანე გრიგოლის ძე კონიაშვილი (დ. 27 სექტემბერი, 1889, თბილისი, — გ. 26 ოქტომბერი, 1938, იქვე) — ქართველი კურორტოლოგი და ფიზიოთერაპევტი, სამეცნიერო კურორტოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში.
დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემია (1913). I მსოფლიო ომის (1914-1918) დროს სამხედრო ექიმად იყო არმიაში. 1919 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის თერაპიის კათედრაზე. 1924–1925 და 1929–1930 წლებში ეცნობოდა საკურორტო-სამკურნეო საკითხებს გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და ჩეხოსლოვაკიის კურორტებზე. 1926–1930 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, 1930–1936 წლებში — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფიზიოთერაპიისა და კურორტოლოგიის კათედრის გამგე, პროფესორი (1935), იმავდროულად (1928–1938) — თბილისის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. 1935–1938 წლებში ასევე განაგებდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის კათედრას.
კონიაშვილმა საქართველოში პირველმა დანერგა კურორტოლოგიური კვლევის ბიოქიმიური მეთოდები. სხვა საკითხთა შორის ასევე იკვლევდა ბორჯომის წყლის გავლენას ორგანიზმის ჟანგვა-აღდგენით პროცესებზე. იყო საქართველოს ანტირევმატული კომიტეტის ორგანიზატორი და პირველი თავმჯდომარე. 1938 წელს დააპატიმრეს პოლონეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ცრუ ბრალდებით. იმავე წელს დახვრიტეს. რეაბილიტირებულია სიკვდილის შემდეგ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 5, თბ., 2024.
- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 608, ISBN 99928-20-32-2.