ივანე ანანოვი
ივანე (ოვანეს) სტეფანეს ძე ანანოვი (დ. 1812, თბილისი — გ. 1888, მოსკოვი) — რუსეთის იმპერიის პირველი გილდიის ვაჭარი, მეცენატი და ფინანსისტი. XIX საუკუნის დასავლეთ საქართველოში ყველაზე მსხვილი მიწათმფლობელი და ცნობილი მეურნე.
ბიოგრაფია
რედაქტირებაივანე ანანოვი 1812 წელს თბილისში დაიბადა და აქვე დაამთავრა ნერსესის სემინარია. მისი წინაპრები თბილისში ვასპურაკანიდან ჩამოსახლდნენ. მისი ბიოგრაფიის შესახებ ცნობები მწირია. იგი მეუღლესთან ერთად მოსკოვში დასახლდა და ძირითადად იქ საქმიანობდა. გარდაიცვალა 1888 წელს.
საქმიანობა
რედაქტირებამოსკოვში გადასახლების შემდეგ აქტიურად ჩაერთო ჯერ კომერციულ, შემდეგ საფინანსო-საკრედიტო საქმიანობაში, რომელიც ცოტა მოგვიანებით საქართველოშიც თბილისისა და ქუთაისის კომერციულ ბანკებში განაგრძო. გაზეთ „ივერიის“ ცნობით მას აღებ-მიცემობა თხუთმეტი თუმნით დაუწყია და ისე გამდიდრებულა, მილიონის პატრონად ასახელებდნენ. მინიჭებული ჰქონდა ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველის წოდება. ის იყო იმპერატორ ალექსანდრე II-ის ძეგლის მშენებლის ხაზინადარი. იგი ფლობდა აჯამეთის ტყეს და მასთან დაკავშირებულ ხე-ტყის წარმოებას, მრავალ ჰექტარ სახნავ-სათეს მიწასა და ზვრებს.
მრეწველობა
რედაქტირებაანანოვის ღვინის რეალიზაციის მთავარი კანტორა თბილისში მდებარეობა, საბითუმო საწყობები და მაღაზიები კი გახსნილი იყო პეტერბურგში, მოსკოვში, ვარშავაში, ბაქოსა და ბათუმში, რომლებშიც ყოველწლიურად სარეალიზაციოდ 29-30 ათასი ვედრო სუფრის ღვინო, 30-40 ათასი ბოთლი შამპანური და 60 ათასი ბოთლი კონიაკი იგზავნებოდა, ანანოვის სასმელები ფართოდ იყო ცნობილი არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ რუსეთის იმპერიის სხვა მხარეებშიც.
მეცენატი
რედაქტირებამისი ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო პროექტი იყო თბილისის წმინდა სტეფანეს სახელობის მონასტერთან სომეხ ქალთა შვიდწლიანი სკოლის დაარსება, რომელიც მან მეუღლის მარინე ანანოვის ხსოვნას მიუძღვნა. 1881 წელს ძმასთან (ალექსანდრე ანანოვი) ერთად დააფუძნა ფონდი 16 ათასი მანეთის კაპიტალით, რომლის პროცენტებით ყოველწლიურად მოსკოვის ლაზარევის ინსტიტუტში ორ-ორი სომეხი სტუდენტის სწავლა ფინანსდებოდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ოთარ ჯანელიძე, „ზუბალაშვილები, დავით სარაჯიშვილი, აკაკი ხოშტარი, მიტროფონე ლაღიძე და სხვანი…“, თბ., 2020, გვ. 403–408.