თხმორისის წმინდა გიორგის ეკლესია

თხმორისის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისის ტერიტორიაზე. აგებულია XIX საუკუნეში.

ეკლესია დარბაზულია (16,5×9,5 მ). ნაგებია ყორე ქვით დუღაბზე. დასავლეთიდან მიდგმული აქვს სამსართულიანი სამრეკლო. კუთხეებში გამოყენებულია ნათალი კვადრები. შესასვლელი სამხრეთიდან, ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან აქვს. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში ორ-ორი, აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში კი თითო ფართო და თაღოვანი სარკმელია. კედლები დასრულებულია თაროსებრი ლავგარდნით. გადახურულია კრამიტით. ეკლესიას აღმოსავლეთით ნალისებრი აბსიდი აქვს, რომელიც დარბაზისგან გამოყოფილია სამსაფეხურიანი მხრებით. სივრცე დანაწევრებულია გრძივი, კედლებზე გაკეთებული ორ-ორი წყვილი პილასტრით, რომლებიც ორსაფეხურიანია. ასეთივე პილასტრია დასავლეთ კედლის კიდეებში. კონქი და კამარა ხისგანაა მოწყობილი. იატაკი ქვის ფილებისაა, ამბიონი ერთი საფეხურითაა ამაღლებული. კანკელი რუსულია. ტაძრის მორთულობას შეადგენს სარკმელთა მოჩარჩოება, ჩრდილოეთ და სამხრეთ კართა ლილვები, კაპიტელები, კართა ზემოთ ფრონტონისებური გაფორმება და ჩრდილოეთ კარის თავზე წმ. გიორგის გამოსახულება.

ეკლესიაზე დასავლეთიდან მიდგმულია სამსართულიანი სამრეკლო. პირველი სართული კარიბჭის როლს ასრულებს, სამხრეთ კედელში ზედა სართულებზე ამავალი კიბეა ჩართული. მეორე სართულზე დასავლეთ კედელში ერთი სარკმელია გაჭრილი. მესამე სართული ოთხ სვეტზე დაყრდნობილი ფანჩატურია. გადახურულია თუნუქით. სამრეკლოს მორთულობას წარმოადგენს პირველი სართულის ჩრდილოეთი და სამხრეთი კედლების დეკორატიული თაღები და დასავლეთის შესასვლელის სადა ლილვები.

თხმორისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას 2018 წლის 17 აპრილს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება