თქლაფა თეთრიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.

ძალიან იშვიათი ჯიშია. ამპელოგრაფიული ნიშნებით (ფოთლის ფორმა, ზომა, შებუსვა, მტევნის, მარცვლისა და წიპწის ზომა და ა.შ.) ძალიან ახლოს დგას მელიკუდასთან.

სამაჩაბლოს სოფლებში შეცდომით ამ სახელით მოიხსენიებენ ჭყაპას.

ბოლნისის ზონაში პატარა ჯგუფების სახითაა, ხოლო ერთეული ძირები ქართლის მუნიციპალიტეტების ვენახებშია გავრცელებული.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, გულისებრი ფორმის, შუა ნაკვთი წაგრძელებულია და მახვილი წვერით ბოლოვდება. ფოთლის ქვედა მხარე აბლაბუდისებრად სუსტად შებუსულია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი დიდი ზომისაა, კონუსური ან უფორმო, ძლიერ კუმსი. მარცვალი — დიდი ზომის, მომრგვალო, იშვიათად ოვალური და განივოვალური მარცვლებიც გვხვდება. ჩალისფერია, მზის მხარეს მოყვითალო მურა ლაქებით. კანი თხელი და გამჭვირვალე აქვს, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი ძალიან წვნიანია და ადვილად სცილდება კანს. შეხებისას ადვილად სკდება. დაბალშაქრიანია, მომჟავო-მოტკბო გემოთი.

თქვლაფა თეთრი სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის და სავეგეტაციო პერიოდის დასასრულსაც მხოლოდ 70%-ია მომწიფებული. მტევნის წონა 250-800 გრამია. უხვმოსავლიანი ჯიშია, ერთ ძირზე დაახლოებით 7-10 კილოგრამი ყურძენი იკრიფება. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 15-18%-ს, ხოლო მჟავიანობა — 5-7 გ/ლ-ს.

გამოიყენება საბრენდე სპირტის მისაღებად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 161