თუზის წმინდა სამების ეკლესია
თუზის წმინდა სამების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ თუზში.
ეკლესია მდებარეობს სოფლის დასავლეთით შემაღლებულ ბორცვზე და საშუალო ზომის დარბაზულ ეკლესიას წარმოადგენს. ადგილობრივი მოსახლეობა ძეგლს "ბაზილიკას" უწოდებს. აგებულია XII-XIII საუკუნეებში. პირველი შეხედვისთანავე ეკლესია თავისი აღმოსავლეთი ფასადის საინტერესო მორთულობით, სამშენებლო მასალით და მოხდენილი პროპორციებით ყურადღებას იპყრობს. ფასადების პერანგი მოპირკეთებულია დიდი ზომის, კარგად გათლილი და დამუშავებული ქვიშაქვის კვადრებითაა. მკაცრადაა დაცული წყობის თარაზულობა. ეკლესია დგას ორსაფეხურიან ცოკოლზე. ნაგებობას პროფილირებული კარნიზი შემოუყვება. იგი გადახურულია ქვიშაქვის ფილებით. აღმოსავლეთი ფასადი, გაფორმებულია. პროფილირებული სარკმლის თავზე, წრეში დაბალრელიეფში შესრულებული ტოლმკლავა ჯვარია ჩასმული. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებიდან უცნაური ფორმის ქვებია გამოშვერილი. ძნელია მათი დანიშნულების დადგენა. ეკლესიაში ორი მხრიდან შევდივართ, სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ორივე კარი შიგნიდან თაღოვანი, გარედან კი არქიტრავული და ნაოთხალია. შიდა სივრცე დახვეწილი, ლაკონიური არქიტექტურული ფორმებით და აზიდული პროპორციებით გამოირჩევა. საკურთხეველს აქვს ნახევარწრიული მოყვანილობა, იგი ამაღლებულია ორი საფეხურითა. ასევე აქვს სოლეა. აბსიდის ცენტრში გაჭრილია თაღოვანი, ვიწრო სარკმელი. მის ორივე მხარეს დატანებულია სამკუთხა ფორმის შეისრული, თაღოვანი ნიშები. საკურთხეველში დგას ტრაპეზის ქვა. აბსიდი გადახურულია სფერული კონქით. სატრიუმფო თაღი გადაყვანილია ქვიშაქვის ფილებით და ეყრდნობა საკურთხევლის ორსაფეხურიანი მხრების ქვის კაპიტელებს. მისი გადახურვა ცილინდრულ-კამაროვანია, იგი საბჯენი თაღითაა შემაგრებული, რომელიც ეყრდნობა ჩრდილო და სამხრეთ კედლის ჯვრის ფორმის პილასტრების პროფილირებულ კაპიტელებს. ამავე მხარის კედლებს გასდევს ხარისხი. დარბაზის გრძივი კედლები აქცენტირებულია წყვილ-წყვილი თაღებით. ისინიც ეყრდნობიან კაპიტელებს. ინტერიერი როგორც აღმოსავლეთის, ასევე დასავლეთის და სამხრეთი სარკმლების მეშვეობითაა განათებული. ეკლესიის ინტერიერი ადრე მოხატული ყოფილა. შერჩენილია ფრესკების ფრაგმენტები. მხატვრობა შედარებით გვიანდელია. კედლები სხვადასხვა იკონოგრაფიული სცენებითაა მოხატული, მაგალითად. "ჯვარცმა", იგი შედარებით უკეთაა შენარჩუნებული და სხვა. გარდა ამისა, ფრესკებზე საერო პირებია გამოსახული. მხატვრობა ძალზედ საინტერესოა და წარმოადგენს ცალკე შესწავლის საგანს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8384