თრიალეთი (ტელეკომპანია)
თრიალეთი — შიდა ქართლის ტელეკომპანია, რომელმაც მაუწყებლობა 1990 წლის ივნისში დაიწყო. „თრიალეთს“ აქვს დღეში ხუთი საინფორმაციო გამოშვება პირდაპირ ეთერში, აქვს არაერთი თოქ-შოუ, საყმაწვილო, საბავშვო, რელიგიური და შემეცნებითი სახის გადაცემები. დაარსების შემდეგ მას არასოდეს შეუწყვეტია მაუწყებლობა და დროთა განმავლობაში იმაღლებდა მატერიალურ- ტექნიკურ შესაძლებლობებს. ტელეკომპანიას წინსვლაში ხელს სხვადასხვა პროექტში გამარჯვება უწყობდა. არხის გადაცემათა უმრავლესობა გადის პირდაპირ ეთერში, არის სატელეფონო ზარები, ინტერაქტიული გამოკითხვის აპარატურა და ზოგიერთ პროგრამაში არის მორბენალი სტრიქონის სახით გასული მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომელსაც მაყურებელი გზავნის და ღიად აფიქსირებს საკუთარ შეხედულებებს.
თრიალეთი შპს “თრიალეთი” | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
მაუწყებლობის ზონა | შიდა ქართლი |
მაუწყებლობის არხი | VHF 1 (გორი) |
დაფუძნდა | ივნისი 1990 |
ხელმძღვანელ(ებ)ი |
ჯონი ნანეტაშვილი (გენ. დირექტორი) |
საიტი | www.trialeti.ge |
ისტორია
რედაქტირებატელეკომპანიამ განვითარება ნელ-ნელა დაიწყო და დღესდღეობით, საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი ერთ-ერთი ტელეკომპანიაა საქართველოში, რომელსაც რეგიონის მოსახლეობის 88 პროცენტი უყურებს. საქართველოს დამოუკიდებელ ტელევიზიებს შორის, ტელერადიო კომპანია „თრიალეთი“ ერთ-ერთი პირველი დაარსდა. „თრიალეთი“ ეთერში გადის გორის ტელეანძიდან და გადაცემებს იღებს მთელი შიდა ქართლი. არხის მაუწყებლობა გორის, ქარელის, ხაშურის, კასპის, ცხინვალის რაიონებს მოიცავს და მთლიანად, დაახლოებით 450 ათასი ადამიანი უყურებს.
თავდაპირველად ტელევიზია სულ ერთი ვიდეო კამერით, სამონტაჟო აპარატით იყო აღჭურვილი და დაახლოებით ხუთი თანამშრომელი იყო დასაქმებული. მაუწყებლობა ჯერ მხოლოდ ქარელის რაიონზე ვრცელდებოდა, შემდეგ კი მთელი რეგიონი მოიცვა.
2010 წლიდან „თრიალეთი“-ს გადაცემები ინტერნეტის საშუალებითაც ვრცელდება.
არხს აქვს საინფორმაციო პროგრამა „ანარეკლი“, რომელიც ტელეკომპანიის არსებობის მანძილზე შეუფერხებლად გადის პირდაპირ ეთერში. მიუხედავად დიდი სირთულეებისა და წინააღმდეგობისა საინფორმაციომ ობიექტურობა შეინარჩუნა მაშინაც კი, როცა მართალი სიტყვის თქმა რისკთან იყო დაკავშირებული, დამოუკიდებელ ტელევიზიას ებრძოდნენ ღიად და მასზე არაერთი ზეწოლის ფაქტიც იყო, როგორც რევოლუციამდელ ისე პოსტრევოლუციურ საქართველოში.
რადიო
რედაქტირებაგარდა ტელევიზიისა, 2004 წლიდან რეგიონის მასშტაბით მაუწყებლობა დაიწყო რადიო „თრიალეთმა“, სიხშირეზე FM 104.9. რადიო „თრიალეთმა“ თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა რადიო „თავისუფლებასთან“.
2010 წლის გაზაფხულიდან რადიო „თრიალეთი“-ს მოსმენა ინტერნეტის საშუალებითაც არის შესაძლებელი.
გაზეთი
რედაქტირება2001 წლიდან ყოველკვირეული პერიოდულობით გამოდის გაზეთი „თრიალეთი“, რომელიც არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება და ობიექტურად ასახავს რეგიონში მიმდინარე მოვლენებს.