ქეჩი კალე — ციხე თურქეთში მდებარეობს თანამედროვე თორულთან, ზღვის დონიდან 1112 მ-ზე. აქ უძველეს დროიდან თავს იყრის ზღვისპირეთიდან პონტოს მთებს გადაღმა სამყაროსთან დამაკავშირებელი ორი გზა. პირველი გზა ძველი გერასუნიდან ხარშიტის ხეობით ადიოდა აქ. მეორე კი ტრაპიზონიდან დეღრიმენდერეს ხეობით და ზიგანას უღელტეხილის გადალახვის შემდეგ ჩადიოდა ასევე თორულში.

ორივე გზა თორულისაგან ჩრდილო-დასავლეთით ხარშიტის ხეობის ყველაზე შევიწროებული კლდოვანი ქედების ძირში იყრიდა თავს. აქედან კი ძველი საქარავნო გზა ბაიბურთის, ერზინჯანის თუ სხვა მიმართულებით მიდიოდა. ფაქტობრივად თორულის ციხე ამ გზების შესაყარს აკონტროლებდა. იგი ზიგანას ციხის შემდეგ მოდის. მას ადრე არდასა ერქვა. ესპანელი ელჩი კლავიჰო, რომელიც არდასას შეცდომით კაბაკად მოიხსენიებს, გვაძლევს ამ ციხის ადგილმდებარეობის აღწერას. დღესაც ციხესთან გამავალი გზა ვიწროვდება, ვინაიდან აქ ერთის მხრივ მდინარე ხარშიტია, ხოლო მეორეს მხრივ კლდე, სადაც წამოჭიმულია ციხე.

თანამედროვე ბერძენი კომენტატორები თორულის ციხეს მიქაელ პანარეტოსთან მოხსენიებულ მეზოხალდიასთან აიგივებენ, სადაც ალექსი III და მისი ოჯახობა ეპიდემიას გამოექცა (1362 წ). თუმცა ამ ჰიპოთეზას ბრაიერი და ვინფილდი არ ეთანხმებიან. ციხე დაშენებულია მდინარე ხარშიტის ჩრდილოეთით, მარჯვენა სანაპიროზე არსებული თორულისა და გუმუშხანეს გამყოფი ერთ-ერთი ყველაზე შემაღლებული ქედის ხეობისაკენ წაგრძელებული კლდოვანი ქანის შვერილებზე. იგი ზემოდან დასცქერის აქ გამავალი გზების შესაყარს. ფაქტობრივად იგი ჩამკეტი ციხეა.

ქედის ამ ნაწილში რამდენიმე კლდოვანი შვერილია. ისინი საერთო ზედაპირიდან მაღლა არიან აზიდული. მათგან ცენტრალურ ბორცვზეა დაშენებული ციხის ძირითადი ნაწილი. ჩანს, რომ მას ცენტრალური შესასვლელი აღმოსავლეთით ჰქონია. ვიწრო მისადგომს უზარმაზარი კლდეთა შვერილები იცავს. მათ შორისი ვიწრო ბილიკი უშუალოდ კარიბჭეს ადგებოდა. იგი დღეისათვის გამონგრეულია და მისი ზომების აღება ვერ ხერხდება. საკუთრივ ციხის ძირითადი ნაწილი ხეობის მხარეს ამოზრდილ კლდეზეა დაშენებული. მის გეგმას მთლიანად კლდის თავის მოყვანილობა განსაზღვრავს. ციხის მშენებლებს მაქსიმალურად გამოუყენებიათ ბუნებრივი შვერილები ისე, რომ ციხე სივრცეში კლდის გაგრძელებას წარმოადგენს. შედარებით კარგადაა შემონახული დასავლეთით სალ კლდეზე დაშენებული კედლების ნახევარი. ნაწილობრივ დაცულია ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის კედლებიც. დანარჩენი საძირკვლის დონემდეა მონგრეული. შემონახულ კედლებში სხვადასხვა სიმაღლეზე გვხდება სათვალთვალო სარკმლებიც.

ციხის ცენტრალური ნაწილის გარდა ნაგებობათა მცირე ფრაგმენტები დაცულია მისგან ჩრდილო აღმოსავლეთითაც. დღემდე მოღწეული ნაშთების მიხედვით ჩანს, რომ ციხეს სულ ცოტა ორჯერ მაინც განუცდია ნგრევა და აღდგენა. ციხის ადრეული ქვედა წყობები თლილი საშუალო ზომის ქვებითაა აშენებული. რიგების ჰორიზონტალურობა აქა იქ დაცულია. ძირითადი კოშკის ქვემოთ კლდეში ნაკვეთი სათავსოა. დღეისათვის ციხეზე შესრულებული საკონსერვაციო სამუშაოების გამო, მათი დიდი ნაწილის პირვანდელი სახე შეცვლილია. ხელისუფლებამ ციხემდე მიიყვანა კარგად მოასფალტებული გზაც. აქვე ციხის გარშემო არსებული ტერიტორიის მოსწორების შემდეგ, გაუმართავთ სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებიც. იგი დასვენებისა და კულტურის ცენტრად უქცევიათ.

ვფიქრობთ საკუთრივ ციხის მშენებლობის ადრეული წყობები, ადგილობრივ მოსახლეობასთან უნადა იყოს დაკავშირებული, ხოლო ზედა ნათალი ქვებით გამართული კედლებით აღდგენა-გამაგრება კი ბიზანტიურ ეპოქაში უნდა მომხდარიყო. მისი სტრატეგიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, მოგვიანებით როგორც ჩანს, ციხეს ოსმალებიც იყენებდნენ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ისტორიული ჭანეთის ცენტრალურ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2019, გვ. 41-43 ISBN 978-9941-8-1990-