თორმეტი სკამი“ (რუს. Двенадцать стульев) — ილფისა და პეტროვის რომანი. დაიწერა 1927 წელს. რომანის ჟანრი შეიძლება განისაზღვროს, როგორც სატირული რომანი-ფელეტონი. არსებობს მასში მოთხრობილი მოვლენების გაგრძელება — „ოქროს კერპი“.

თორმეტი სკამი

1928 წლის პირველი გამოცემა ჟურნალში, მხატვარი მიხეილ ჩერემნიხი.
სრული სათაური Двенадцать стульев
ჟანრი სატირული რომანი
ავტორი ილფი და პეტროვი
მშობლიური ენა რუსული
დაწერილია 1927
გამოცემულია 1928
შემდეგი ოქროს ხბო

რომანის მოვლენების მანძილზე ოსტაპ ბენდერისა და კისა ვორობიანინოვის დუეტი ეძებს კისას გარდაცვლილი დეიდის, მადამ პეტუხოვას მიერ დამალულ ალმასებს. პრობლემა ის არის, რომ ისინი დამალულია 12 სკამიდან ერთ-ერთში. მათი დამალვის საიდუმლო პეტუხოვამ სიკვდილის წინ კისას გაანდო. გამომდინარე იქიდან, რომ კისას ავანტიურული ინტერესები მოიკოჭლებს (ისევე როგორც საორგანიზაციო თვისებები), იგი ენდობა ახალგაზრდა ოსტაპ ბენდერის ნიჭს. იმავე წამიდან იწყება ძიებით, წარუმატებლობებით, მცდელობებით და თავბრუდამხვევი ავანტიურებით სავსე თავგადასავალი.

1927 წლის 15 აპრილს, ვნების პარასკევს, ქალაქ -ში თავადაზნაურთა ყოფილი წინამძღოლის, იპოლიტ მატვეევიჩ ვორობიანინოვის, სიდედრი კვდება. სიკვდილის წინ კლავდია ივანოვნა პეტუხოვა სიძეს გაუმხელს, რომ სტარგოროდში, სიადანაც რევოლუციის შემდეგ გამოიქცნენ, სკამების გარნიტურის ერთ-ერთ სკამში საგვარეულო განძი გადამალა. ვორობიანინოვი სასწრაფოდ მშობლიურ ქალაქში მიემგზავრება. სტარგოროდში მიდის მღვდელი თეოდორე ვოსტრიკოვიც, რომელმაც ძვირფასეულობის შესახებ მოხუცის აღსარებიდან შეიტყო.

დაახლოებით იმავე დროსსტარგოროდში ჩადის წელში გამოყვანილ მწვანე კოსტიუმში გამოწყობილი ოცდარვა წლის ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ყელზე შარფი აქვს შემოხვეული და ხელში ასტროლაბია უჭირავს. იგი თურქეთის ქვეშევრდომის ვაჟი, ოსტაპ ბენდერია, რომელიც შემთხვევით ღამის გასათევად ვორობიანინოვის სახლის მეეზოვესთან გაჩერდება. სწორედ აქ ხვდება ბენდერი სახლის ყოფილ მეპატრონეს. ვორობიანინოვი ოსტაპის თანაშემწედ აყვანას გადაწყვეტს და მათ შორის რაღაც კონცესიის მაგვარი შედგება.

იწყება სკამებზე ნადირობა. პირველი იქვეა, ვორობიანინოვის ყოფილ სახლში, რომლის ახლანდელი მისამართია: „სოცობესის მეორე სახლი“. სახლის მმართველი ალექსანდრ იაკოვლევიჩ ალხენი მორცხვი ქურდია. აქ მას მთელი ნათესაობა შეუყრია და ერთ-ერთ მათგანს სკამი ვიღაც უცნობისთვის სამ რუბლად მიუყიდია. ის უცნობი მამა თევდორე აღმოჩნდება, რომელსაც ვორობიანინოვი დაედევნება და ქუჩაში შეხლა-შემოხლის შემდეგ სკამი ნაწილებად იშლება და „ერთიანად იძარცვება“, ძვირფასეულობა კი არ ჩანს. სამაგიეროდ, ირკვევა, რომ ვორობიანინოვსა და ოსტაპს მეტოქე გამოუჩნდათ.

კომპანიონები სასტუმრო „სორბონაში“ გადადიან. ოსტაპი ქალაქგარეთ არქივარიუს კორობეინიკოვს მიაგნებს. მის სახლში ახალი ხელისუფლების მიერ ნაციონალიზებული ყველა ავეჯის, მათ შორის, ოსტაპ გამბსის მიერ კაკლის ხისგან დამზადებული ვორობიანინოვის გარნიტურის ორდერიც ინახება. როგორც ირკვევა, გარნიტურის ერთი სკამი ომის ვეტერან გრიცაცუევს, დანარჩენი ათი კი 一 მოსკოვის ავეჯის ოსტატობის მუზეუმს გადაეცა. ბენდერის კვალდაკვალ მოდის მამა თევდორეც, რომელსაც არქივარიუსი მოტყუებით გენერალ პოპოვის ცოლის გარნიტურის ორდერს მიჰყიდის. ეს ორდერი კი თავის დროზე ინჟინერ ბროუნსს გადაეცა.

პირველ მაისს სტაროგროდში ტრამვაის პირველი ხაზი იხსნება. ვორობიანინოვს, რომელსაც შემთხვევით იცნობენ, სავახშმოდ მის ძველ საყვარელ ელენა სტანისლავოვნა ბოურთან ეპატიჟებიან. ქალბატონი ელენა ახლა თავს მკითხაობით ირჩენს. „აზრების გიგანტი, რუსული დემოკრატიის მამა და იმპერატორთან განსაკუთრებით დაახლოებული პირი“ 一 ასე წარუდგენს ბენდერი თავის მეწყვილეს ვახშამზე დამსწრე საზოგადოებას და მოუწოდებს, შექმნან „მახვილისა და სახნისის კავშირი“. საიდუმლო საზოგადოების მომავალი საქმიანობისთვის ხუთას რუბლს აგროვებენ.

მეორე დღეს ბენდერი გრიცაცუევის ქვრივზე, „ვნებიან და პოეტის საოცნებო ქალზე“ ქორწინდება. ცოლს ქორწინების პირველივე ღამეს მიატოვებს და სკამთან ერთად ხელს მის სხვა ნივთებსაც გააყოლებს. სკამი 一 ცარიელია და ოსტაპი ვორობიანინოვთან ერთად სკამების მოსაძებნად მოსკოვში მიემგზავრება. კონცესიონერები სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში ბენდერის ნაცნობებთან რჩებიან. იქ ვორობიანინოვს მხაზველ კოლიას ახალგაზრდა ცოლი ლიზა შეუყვარდება. ლიზას ქმართან უთანხმოება აქვს 一 უსახსრობისა და იძულებითი ვეგეტარიანელობის გამო. ავეჯის ოსტატების მუზეუმში შემთხვევით მოხვედრილი ლიზა ჩვენს გმირებს წააწყდება. როგორც ირკვევა, გარნიტურს, რომელიც შვიდი წელი საწყობში ეყარა, ხვალ პეტროვსკი პასაჟის შენობაში აუქციონზე გასაყიდად გაიტანენ. ვორობიანინოვი ლიზას პაემანს უნიშნავს და სტაროგორეცკის შეთქმულებიდან აღებული თანხის ნახევარს ხარჯავს 一 ლიზა ეტლით კინოთეატრ „არსში“ მიჰყავს, შემდეგ რესტორან „პრაღაში“, ამჟამად საჩვენებელ სასადილოში ეპატიჟება. ამასობაში ვორობიანინოვი ისე გამოთვრება, რომ ლიზა გაექცევა და იპოლიტ მატვეევიჩი თორმეტი რუბლის ამარა მილიციაში ამოჰყოფს თავს. ბენდერი აუქციონზე ვაჭრობას 200 რუბლზე მოიგებს. ეს თანხა ოსტაპს აქვს, მაგრამ კიდევ ოცდაათი რუბლი 一 საკომისიო მოსაკრებელია გადასახდელი. ვორობიანინოვს ეს ფული არ აქვს. შერცხვენილი ბენდერი და ვორობიანინოვი დარბაზიდან გაჰყავთ, სკამეს კი ვცალ-ცალკე ყიდიან. ბენდერი უპატრონო ბავშვებს რუბლად ქირაობს და ავალებს, თვალყური ადევნონ, სად წაიღებენ სკამებს. ოთხი სკამი კოლუმბის თეატრში მოხვდეა, ორს 一 ერთი „მაგარი ქალი“ წაიღებს, ერთს პირდაპირ მათ თვალწინ სადოვო-პასკიზე მცხოვრები მოქალაქე ყიდულობს, ერთი გაზეთ „სტანოკში“ მიაქვთ, მეცხრე 一 სუფთა ტბორებთან მდებარე სახლში, ხოლო მეათე ოქტიაბრსკის სადგურის სატვირთო ეზოში გაუჩინარდება. იწყება სკამების ხელახალი ძებნა.

„მაგარი ქალი“ ინჟინერ შჩუკინის ცოლი, „კაციჭამია“ ელოჩკა აღმოჩნდება. ელოჩკას სიტყვიერი მარაგი ოცდაათს არ აღემატებოდა, თუმცა ეს არაფერში უშლიდა ხელს. მოდას აყოლილი ელოჩკა ოცნებობდა, მილიარდელ ვანდერბილშის ქალიშვილი დაეჩრდილა. ბენდერი მასთან იოლად მოახერხებს მადამ გრიცაცუევასთან აწაპნილი ჩაის საწურში ერთი სკამის გაცვლას, მაგრამ საქმე ისაა, რომ ინჟინერი შჩუკინი, რომელმაც ცოლის ხელგაშლილობას ვეღარ გაუძლო, სახლიდან წავიდა და ერთი სკამი თან წაიღო. ინჟინერი მეგობრის ბინაში შხაპს იღებს, გასაპნული დაუფიქრებლად გამოდის კიბის საფეხურზე, კარი გაჯახუნდება და ამ დროს აღმოჩნდება ბენდერი. წყალი უკვე კიბიდან ქვევით მიედინება. ცრემლმორეული ინჟინერი დიდ კომბინატორს კარის გაღებისთვის მადლიერების ნიშნად სკამს გადასცემს.

ვორობიანინოვის მცდელობა, დაისაკუთროს პროფესიონალი იუმორისტის, აბესალომ იზნურენკოვის სკამი, კრახით მთავრდება. მაშინ ბენდერს, რომელიც იუმორისტს სასამართლო აღმსასრულებლად წარუდგება, ეს სკამი მიაქვს.

სახალხო სახლის უსასრულო დერეფნებში, სადაც გაზეთ „სტანოკის“ რედაქციაა, ბენდერი მოსკოვიდან ჩამოსულ მადამ გრიცაცუევას შეეჯახება. გრიცაცუევამ დაკარგული ქმრის შესახებ შემთხვევით გაზეთიდან შეიტყო. ბენდერს დადევნებულ გრიცაცუევას რედაქციის დერეფნებში თავგზა აებნევა და სტაროგროდში ქმრის გარეშე ბრუნდება. ამასობაში „მახვილისა და სახნისის კავშირის“ ყველა წევრს აპატიმრებენ 一 მომავალ მთავრობაში მათ ადგილები სათითაოდ გაინაწილეს, შემდეგ კი შეშინებულებმა ერთმანეთი დაასმინეს.

გაზეთ „სტანოკის“ რედაქტორის კაბინეტში სკამის გამოშიგვნის შემდეგ ბენდერი იმ სკამსაც მისწვდება, რომელიც ლექსების მთხზველ ნიკიფორე ლიაპის-ტრუბეცკოის ბინაში დგას. რჩება ოქტიაბრსკის სადგურის სატვირთო ეზოში დაკარგული სკამი და თეატრ „კოლუმბის“ კუთვნილი ოთხი სკამი. თეატრი გასტროლებზე აპირებს გამგზავრებას. კონსტრუქტივიზმის სულისკვეთებით განხორციელებული გოგოლის „ქორწინების“ პრემიერაზე თანამზრახველები რწმუნდებიან, რომ სკამები ადგილზეა და თეატრს გასტროლებზე მიჰყვებიან. თავდაპირველად ისინი თავს მხატვრებად ასაღებენ და გემზე ასე შეაღწევენ, შემდეგ კი მსახიობებთან ერთად მომგებიანი ობლიგაციების საგიტაციოდ მიემგზავრებიან. რეჟისორის კაბინიდან მოპარულ სკამში კონცესიონერები პოულობენ ყუთს, მაგრამ მასში მხოლოდ ოსტატ გამბსის ფირფიტა აღმოჩნდება. ოსტაპსა და ვორობიანინოვს ცუდად დამზადებული ტრანსპარანტის გამო ვასიუკიში გემიდან ჩამოყრიან. იქ ბენდერი თავს დიდოსტატ მოჭადრაკედ ასაღებს 一 კითხულობს ლექციას თემაზე: „ნაყოფიერი სადებიუტო იდეა“ და ჭადრაკის ერთდროული თამაშის სეანსსაც ატარებს. გაოცებულ ვასიუკელებს იგი მათი ქალაქის მსოფლიო საჭადრაკო აზროვნების ცენტრად, ნიუ-ვასიუკად გარდაქმნის გეგმას აცნობს, რომლის თანახმად ვასიუკი ჯერ ქვეყნის, შემდეგ მსოფლიოს, ბოლოს კი, როდესაც საპლანეტშორისო შეტყობინებებს გამოიგონებენ, სამყაროს დედაქალაქი იქნება. ბენდერი, რომელიც ჭადრაკს ცხოვრებაში მეორედ თამაშობს, ყველა პარტიას აგებს და ვორობიანინოვის მიერ წინასწარ მომზადებული ნავით ქალაქიდან გარბის. გაქცეული კონცესიონერები მდევრების დიდ ტვირთსაზიდ ნავს მდინარეში გადააყირავებენ.

თანამზრახველები თეატრს ეწვევიან და ივლისის დასაწყისში ჯერ სტავროპოლში, შემდეგ მინერალურ წყლებში, ბოლოს კი პიატიგორსკში ჩადიან. აქ ისინი ხელოსან მეჩნიკოვს ოც რუბლად დაითანხმებენ, სასურველი სკამები მოიპაროს. პასუხად ესმით: „დილით 一 ფული, საღამოს 一 სკამები ან საღამოს 一 ფული, დილით 一 სკამები“. ფულის საშოვრად გამოსული კისა ვორობიანინოვი მათხოვრებს, როგორც სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატი კადეტებისგან, ხოლო ოსტაპი პიატიგორსკის ღისრსშესანიშნაობის 一 მთის ჩანაქცევის 一 ხრამის დათვალიერებაში ტურისტებისგან ფულს იღებს. პიატიგორსკში ერთდროულად სკამების ყოფილი მეპატრონეები ჩადიან: იუმორისტი იზნურენკოვი, კაციჭამია ელოჩკა ქმართან ერთად, სობესიდან ქურდბაცაცა ალხენი 一 ცოლით, რაშხენით. ხელოსანს დაპირებული სამი სკამიდან მოაქვს მხოლოდ ორი, რომლებიც მაშუკის მთაზე უშედეგოდ გამოიფატრება.

ამ დროს მოტყუებულმა მამა თევდორემ ინჟინერ ბრუნსის სკამების ძებნაში თითქმის მთელი ქვეყანა მოიარა 一 ჯერ ხარკოვში ჩავიდა, შემდეგ როსტოვში, იქიდან ბაქოში და ბოლოს ბათუმთან ახლოს, მწვანე კონცხზე ბრუნსის აგარაკსაც მიაგნო. იგი მუხლმოყრილი ეხვეწება ინჟინერს, მიჰყიდოს სკამები. მამა თევდორეს ცოლი ყიდის ყველაფერს, რისი გაყიდვაც შეიძლება და ქმარს ფულს უგზავნის. მღვდელი სკამებს ყიდულობს, უახლოეს პლაჟზე მიაქვს და სათითაოდ ნაჯახით ჩეხს. გაწბილებული მამა თევდორე სკამებში ვერაფერს პოულობს.

კოლუმბის თეატრს უკანასკნელი სკამი თბილისში მიაქვს. ბენდერი და ვორობიანინოვი ვლადიკავკაზში მიემგზავრებიან, იქიდან თბილისში ფეხით მიდიან და გზად საბრალო მამა თევდორეს გადაეყრებიან. მეტოქეებისგან თავის დასაღწევად მამა თევდორე კლდეზე აძვრება და იქიდან ვეღარ ჩამოდის. ჭკუიდან შეშლილი მღვდელი კლდიდან ვლადიკავკაზის მხანძრეებს ჩამოჰყავთ და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მიჰყავთ.

კონცესიონერები, ბოლოს და ბოლოს, თბილისში ჩააღწევენ, იქ „მახვილისა და სახნისის“ ერთ-ერთ წევრს, კისლიავსკის, გადაეყრებიან და მისგან „რუსული დემოკრატიის მამის“ გადასარჩენად ხუთას რუბლს ისესხებენ. კისლავსკი ყირიმში გაქცევით თავს უშველის, მეგობრები კი ერთ კვირას ლოთობენ და თეატრის კვალდაკვალ ისინიც ყირიმისკენ მიემართებიან.

სექტემბერია. თანამზრახველები, ბოლოს და ბოლოს, იალტის თეატრში შეაღწევენ, თეატრის ბოლო სკამის გასაჭრელად ემზადებიან, რომ უეცრად სკამი გვერდზე „გადახტება“: იწყება ყირიმის 1927 წლის ცნობილი მიწისძვრა. ოსტაპი და ვორობიანინოვი სკამის გაჭრას მაინც ახერხებენ, მაგრამ მასში ვერაფერს პოულობენ. რჩება გარნიტურის ბოლო სკამი, რომელიც მოსკოვის ოქტომბრის სადრგურის სატვირთო ეზოში ეგულებათ.

ოქტომბრის ბოლოს ბენდერი სკამს რკინიგზელთა ახალ კლუბში იპოვის. ოსტაპი ვორობიანინოვს მომავალ კაპიტალზე ხუმრობით ევაჭრება და იძინებს. სკამების ნახევარწლიანი ძებნით ფსიქიკაშერყეული ვორობიანინოვი ოსტაპ ბენდერს ყელს სამართებლით გადაუსერავს. შემდეგ კლუბში შეაღწევს და უკანასკნელ სკამს ჭრის. ბრილიანტები აც იქ აღმოჩნდება. დარაჯი მას უყვება, გაზაფხულზე შემთხვევით როგორ აღმოაჩინა ბურჟუაზიის მიერ სკამში გადამალული განძი. სწორედ ამ ფულით საყოველთაო ბედნიერებისთვის აიგო კლუბის ახალი შენობა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება