თოთხამის ციხეარქეოლოგიური ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფლების გუჯარეთისა და წითელსოფლის ჩრდილოეთით, ძამის და ტანის ხეობებში მიმავალ გზაჯვარედინზე, 2300 მეტრის სიმაღლის მთის თხემზე, მეტად მნიშვნელოვანი სტრატეგიული ადგილზე. მისი აგებით ხეობის ზემო წელის ციხისუფალი ხელში იღებდა კონტროლს ქართლის პროვინციებიდან ჯავახეთ-თრიალეთის საძოვრებისაკენ მიმავალ გზაზე. ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნული ციხის შესახებ წერს

ვიკიციტატა
„არს გუჯარეთის ჩრდილოეთ, მაღალს მთის თხემსა ზედა, ციხე თოთხამი, მჭვრეტელი ქართლ-იმერეთისა.“

ადგილობრივი მოსახლეობა თოთხამის ციხეს „ბარძუნ ჯვარს“, ე. ი. „მაღალ-ჯვარს“ უწოდებს.

ციხის გალავნისა და მისი ნაგებობების უმნიშვნელო ნაშთის ფონზე მაღალჯვრის მოზრდილი ეკლესიის ნანგრევი განსაკუთრებით გამოირჩევა. თოთხამის ძველ ციხეს, ჩანს, უფრო ადრე დაუკარგავს თავისი ფუნქცია, სალოცავი კი ბოლომდე შემორჩა. ამაზე მისი სახელწოდებაც „მაღალჯვარი“ მიგვითითებს. თოთხამის ციხის როლის შემცირება უნდა დაწყებულიყო XIII საუკუნეში, როდესაც თორელებმა ძამის ხეობა იგდეს ხელთ და მის ციხეს დაეპატრონნენ. თოთხამის ციხე მხოლოდ გზის ჩამკეტი სეზონური ციხე არ ყოფილა. მის საციხისთავო ერთეულში უნდა ყოფილიყო მის ახლოს მდებარე ამჟამად უსახელო ნასოფლარები, მათ შორის, სოფელი გუჯარეთი და წითელსოფელი.

მაღალჯვრის ეკლესიას, ადვილი, ფეხით სავალი გზა დასავლეთი ფერდის მხრიდან უდგება. ნაგებობა მთის კლდოვან ნაპირზეა აშენებული. მის ჩრდილოეთით ღრმა უფრსკულია. ტერიტორიის ჩრდილო-დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილში მოჩანს შენობების კვალი და გალავნის კედლების ნაშთები. საკუთარი ნანგრევებითა და მიწით ამოვსებული ეკლესია იმდენად არის სახეშეცვლილი, რომ მისი ტიპის ზუსტი გარკვევა გაწმენდის გარეშე შეუძლებელია. ცენტრალური ნაწილი აღმოსავლეთით ღრმა, შვერილი აფსიდით სრულდება. გრძივ კედლებს მთელ სიგრძეზე სათავსოები ახლდა. ეკლესიის სამხრეთის კედლები მცირე სიმაღლით არის შემორჩენილი. ეკლესიის ცენტრალური ნაწილი გვერდით სათავსოებს შესასვლელებით უკავშირდება. ეკლესია ნაგებია კლდის რუხი ფერის ქვით. საკურთხეველში შემორჩენილია შელესილობის კვალი, რაც იმის მანიშნებელი უნდა იყოს, რომ ტაძარი თავის დროზე მოხატული იყო. ბათქაშის კვალი შემორჩენია ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადს. აღნიშნულ ფასადზე ამოკვეთილია დაქარაგმებით სამი გრაფემა „დლმ“. პალეოგრაფიული ნიშნებისა და ასომთავრულთან ერთად ნუსხური „ლ“-ს შერევის საფუძველზე, აღნიშნული წარწერის ქრონოლოგიას IX-X საუკუნეებით განსაზღვრავენ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გოგოლაძე თ., ბორჯომის ხეობის ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლები, თბ., 2014, გვ. 84-85
  • ბერძენიშვილი დ., „ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან. ზემო ქართლი – თორი, ჯავახეთი“, თბ., 1985
  • ბერძენიშვილი დ., გიორგიძე მ., ჩაჩხუნაშვილი ც., ჭანიშვილი გ. არქიტექტურულ-ისტორიული გზამკვლევი „გუჯარეთი“, თბ., 1987
  • მაკალათია ს., ბორჯომის ხეობა, თბ., 1957
  • ელაშვილი ბ., ბორჯომის ხეობა XI-XIII საუკუნეებში, თბ., 2013