თელავის საცხოვრებელი სახლი (ღვთისმშობლის 18)

არქიტექურული ძეგლი თელავში. მდებარეობს ღვთისმშობლის ქუჩაზე (№ 18). თარიღდება XIX საუკუნის პირველი ნ

თელავის საცხოვრებელი სახლიარქიტექურული ძეგლი თელავში. მდებარეობს ღვთისმშობლის ქუჩაზე (№ 18). თარიღდება XIX საუკუნის პირველი ნახევრით.

სახლი ერთსართულიანია. ნაგებია კვადრატული აგურით. აქვს სარდაფი. შენობა ეზოს სიღრმეშია წაგრძელებული და ქუჩაზე განივი ფასადით გამოდის. სახლს, ეზოს მხარეს, მთელ სიგრძეზე, გასდევს ხის, სვეტებიანი, გადახურული აივანი — აჟურული მოაჯირით და თაღებით, რომლებიც რთული ნახატების სახეებს შეიცავს. სახლის ქუჩის მხარეს მოქცეული ფასადი ასიმეტრიული მოხაზულობისაა. ფასადის ძირითადი, მარცხენა ნაწილი, სამკუთხა ფრონტონითაა დასრულებული, მარჯვნივ, შედარებით ვიწრო ნაწილი კი — აივნის დამრეცი სახურავით, რომელიც ფრონტონის შესაბამისი გვერდის გაგრძელებაზეა. ოღონდ, მასთან შედარებით, ოდნავ უფრო ნაკლებადაა დახრილი. კედლის ამ ნაწილში ხის ორფრთიანი, კვეთილობით დამუშავებული, სადარბაზო  კარია. კარის თავზე შემორჩენილია მარკიზის კვალი.

ფასადის ფრონტონიან ნაწილში, მშვილდისებრი თაღით გადახურული, ორი სარკმელი გამოდის, რომელთა შორის იგივე ზომის ცრუ სარკმელია მოწყობილი. სამივე სარკმლის ქვემოთ იგივე სიგანის, ორი საფეხურით შეღრმავებული, სწორკუთხა არეა. განაპირა სარკმლებში სწორკუთხა, ლითონისგისოსიანი ალათაა ჩასმული. ცრუ სარკმლის მიღმა, ოთახში, ბუხრის კვალი იკითხება.

ფრონტონის ზედაპირი აგურის ფიგურული წყობითაა გამოყვანილი. იგი ფასადის დანარჩენი ნაწილისგან ორსართულიანი ლავგარდნით არის გამოყოფილი. ლავგარდნის ორივე საფეხური აგურის თითო რიგისგან შედგება. ზედაში აგურები ჩვეულებრივადაა დაწყობილი, ქვედაში კი — კუთხითაა შვერილი. ანალოგიური ლავგარდნითაა დასრულებული ფრონტონის ფერდებიც. შენობა გადახურულია კრამიტის ორფერდა სახურავით. ეზოს გარს ევლება რიყის ქვითა და აგურის შერეული წყობით ნაგები ზღუდე.

ლიტერატურა

რედაქტირება