თელავის საცხოვრებელი სახლი (ნ. სულხანიშვილის 52)
თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექურული ძეგლი თელავში. მდებარეობს ნიკო სულხანიშვილის ქუჩაზე (№ 52). თარიღდება XIX საუკუნის მეორე ნახევრით.
სახლი სულხანიშვილის ქუჩის აღმართზე დგას და ქუჩის მხარეს გრძივი ფრონტით იშლება. ქუჩის მხრიდან იგი სართულნახევრიანია, ეზოს მხარეს კი — ორსართულიანი. ქუჩისპირა ფასადი, კარ-სარკმლების ღიობებით, სიმეტრიულადაა დანაწევრებული. ნახევარსართული ლავგარდნითაა გამოყოფილი. სარკმლებს გასდეწვს აგურით გამოყვანილი, ვიწრო თარო. ფასადი ლავგარდნითა და საკმაოდ მაღალი პარაპეტით სრულდება, რომელიცმართკუთხა ჩაღრმავებებითაა დანაწევრებული. ასეთივე ჩაღრმავებებია სარკმლების ქვეშაც. განსაკუთრებით საზეიმოდაა გაფორმებული ხის, დეკორატიული კვეთით შესრულებული, სადარბაზო კარი. მის ორივე მხარეს, კედელში, აგურით გამოყვანილი, მრგვალი სვეტებია ჩადგმული. კარის თავზე ამაღლებულია პარაპეტიც, რომელიც აგურით გამოყვანილი დეკორატიული მოტივებითაა გაფორმებული, გვერდებზე კი მრგვალი, პატარა სვეტებია ჩადგმული. ეზოს მხარეს პირველი სართული მიწის დონეზე გამოდის. მეორე სართულზე ხი ძველი აივანი შემინულია. მისი ერთი მხარე გამოდის სახლის მთავარ ფასადზეც. აივანს შენარჩუნებული აქვს ხის ძველი სვეტები და ჭვირული მოაჯირი. ეზოსკენ, სიღრმეში, მას ეკვრის გვიანდელი შემინულთავიანი, ორსართულიანი მინაშენი. ქუჩის მხარეს ეზოს გასდევს რიყის ქვით ნაშენი გალავანი.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 109-110.