თელავის საცხოვრებელი სახლი (ნადიკვრის ჩიხი 1)
თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი თელავში. მდებარეობს ნადიკვრის ჩიხში (№ 1). აგებულია XIX საუკუნის შუა ხანებში.
სახლი ერთსართულიანია. ქუჩის მხარეს მოქცეული ფასადის მარცხენა ნაწილში, სადა საპირეში ჩასმული, სამი მაღალი, მშვილდისებრი თაღით გადახურული სარკმელია, მარკვენა ნაწილში — შესასვლელი. სარკმლების ქვემოთ კედელი დანაწევრებულია სამი სწორკუთხა ნიშით. შესასვლელი (ამოშენებულია) ხის, გადახურულ აივანს უკავშირდებოდა, რომელიც სახლს ეზოს მხრიდან ევლებოდა. ფასადი დასრულებულია პარაპეტით. მისი ზედაპირი სწორკუთხა და წრიული ნიშებითაა დანაწევრებული. აივანი ნაწილობრივღაა შემორჩენილი. იგი მთლიანად შემინულია, თუმცა, ხის ორნამენტი, აქა-იქ, ახლაც ჩანს. სახლი ორკალთა, , კრამიტით დაბურული სახურავითაა გადახურული, რომლის კალთებით მოსაზღვრულ ფრონტონის არეში, ეზოს მხარეს, გაჭრილია ორი მაღალი, ნახევარწრიული თაღით გადახურული სარკმელი.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 106.