თელავის საცხოვრებელი სახლი (ი. ჭავჭავაძის 109)
თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი თელავში. მდებარეობს ილია ჭავჭავაძის გამზირზე (№ 109). თარიღდება XX საუკუნის დასაწყისით.
სახლი ერთსართულიანია. დგას ეზოს სიღრმეში. ნაშენია კვადრ. აგურით. ეზოს მხარეს ხის ღია აივანი ეკვრის რომლის მოაჯირი აჟურული სახეებითაა დამუშავებული. სახლში შესასვლელი აივნიდანაა. აივანზე ხის ,რვასაფეხურიანი კიბე ადის. აივანზე გამოდის ერთი კარი და სამი სარკმელი. ოთხივე ღიობი ნახევარწრიული თაღითაა გადახურული. ალათები კი სწორკუთხაა. აივნის მხარეს, კედელი შელესილია და ლურჯადაა შეღებილი. სახლს ეკვრის აგურითა და რიყის შერეული წყობით ნაშენი საჯინიბო, რომლის ერთი ფასადი ქუჩაზე გამოდის. დანარჩენი კედლებისგან განსხვავებით, იგი,ძირითადად, აგურითაა გამოყვანილი. ფასადის მარჯვ. ნაწილში ხის, განიერი, მოზრდილი ძელით თარაზულად გადახურული შესასვლელია, ხის ძველი კარით. რომელსაც ფასადის სიგანის ნახევარზე მეტი უჭირავს. თავად შესასვლელი ჩასმულია საფეხურით შეღრმავებულ, სამცენტრიანი თაღით დასრულებულ არეში, რ-საც მსგავსი მოხაზულობის არქივოლტი აგვირგვინებს. იგი დაყრდნობილია დაბალ თაროზე, რომელიც კედლის დარჩენილ ნაწილს ბოლომდე გაუყვება. კედლის ამ მონაკვეთში, თაროდან ოდნავ ზემოთ, გამოყვანილია ორსაფეხურიანი ჩარჩოთი შემოსაზღვრული, წრის ფორმის შეღრმავება. ფასადი სამკუთხა ფრონტონითაა დასრულებული. მასზე ორი რომბისებრი ხვრელია. ფრონტონს, პირის დონეზე, ორსაფეხურიანი თარო გასდევს. ანალოგიური პროფილისაა ლავგარდანიც. საჯინიბოს გადახურვა ჩამოშლილია. შემორჩენილია ხის კოჭები. ქუჩის მხარეს ეზო მოსაზღვრულია რიყის ქვით ნაგები, დაბალი გალავნით. გალავნის მარჯვ. კიდეში, საჯინიბოს კედელთან, ხის ჭიშკარია, რომლის კრამიტის სახურავი აგურის კვადრატულ ბურჯზე და საჯინიბოს კედელზე მიყრდობილ ძელებზეა დაყრდნობილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 121.