თელავის საცხოვრებელი სახლი (გ. სააკაძის მოედანი 5)

თელავის საცხოვრებელი სახლიარქიტექურული ძეგლი თელავში. მდებარეობს გიორგი სააკაძის მოედანზე (№ 5). თარიღდება XX საუკუნის დასაწყისით.

სახლი ორსართულიანია, შთამბეჭდავი. ნაგებია აგურით. შენობის მთავარი ფასადი მოედნისკენ არის მიმართული. ფასადს ვერტიკალური მიმართულებით ორ ნაწილად ყოფს სართულშუა გადახურვის დონეზე გამოყვანილი ჰორიზონტალური ზოლი. პირველი სართულის ფასადს გვიანდელი გადაკეთებების გამო თავდაპირველი სახე დაკარგული აქვს. ფასადზე სწორკუთხა მოხაზულობის ორი შესასვლელია. შესასვლელები ფასადის ბოლოებშია განთავსებული. მათგან ერთი ფასადის მარცხნივ ბოლოში მდებარე (მოგვიანებით დაუვიწროებიათ), აივანს უკავშირდება. ორივე კარი ხისაა, სადა. მოგვიანებით, ფასადი ცემენტით შეულესავთ და შეუთეთრებიათ. შელესილია შენობის უკანა კედელიც.

მეორე სართულის ფასადი უმნიშვნელო დეტალების გამოკლებით, უცვლელად ინახავს პირველად სახეს. ფასადზე 5 სარკმელი გამოდის. მათ შორის სწორკუთხა, ლავგარდნიანი სათურითაა დასრულებული. ფასადს აგვირგვინებს მაღალი, საფეხუროვანი ლავგარდანი და ჩაღმავებული არეებით დანაწევრებული პარაპეტი. ეზოს მხარეს, შენობის ორივე სართულს, ხის აივანი გასდევს . აივნის სვეტები წახნაგოვანია, სქელი. აქვს წახნაგოვანივე კაპიტელები. მეორე სართულის აივნის (ამჟამად შემინულია) მოაჯირი და თაღები აჟურული სახეებით მდიდრულადაა დეკორირებული. ეზოს მხარესვე, პარაპეტის ცენტრში, დადგმულია თხელი, ნახევარწრიული ფრონტონით დასრულებული ნაგებობა, რომლის ფრონტონის არეში რუსული ინიციალებია გამოსახული, ფრონტონის ქვემოთ კი — საათი. სახლს გააჩნია მაღალი სარდაფი, რომელიც ადრე, სავარაუდოდ, საწყობად გამოიყენებოდა.

2011-2012 წლებში, სახლს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები, რის შედეგადაც მას დაუბრუნდა თავდაპირველი სახე.

ლიტერატურა

რედაქტირება