თეთრაულების კოშკი

თეთრაულების კოშკი — დგას ნასოფლარ ჭიმღის ზემო უბანში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ძეგლის აღწერა

რედაქტირება

კოშკი (7,3 X 6,65 მ) ხუთსართულიანია (სიმაღლე 13,65 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. ძეგლი დაზიანებულია. ჩაქცეულია სართულშუა გადახურვა და სახურავის დიდი ნაწილი. პირველი სართული სამალავია, მეორე, მესამე და მეოთხე - საცხოვრებელი, მეხუთე - სათავდაცვო. შესასვლელი პირველი სართულის სამხრეთ კედელშია, მიწის დონიდან 2,3 მეტრის სიმაღლეზე. კარის წირთხლებში საურდულე ხვრელებია. კარი ნახევარწრიული თაღითაა დასრულებული. ასეთივე კარია მესამე სართულის აღმოსავლეთ კედელში და მეოთხე სართულის სამხრეთ კედელში. მეოთხე სართულზე, კარის ქვემოთ შემორჩენილია აივნის საყრდენი კოჭები. კოშკს ნახევარწრიული თაღით გადახურული რამდენიმე სარკმელი აქვს. პირველ ოთხ სართულზე ცალმაგი და შეწყვილებული სათოფურებია. კოშკის მეხუთე სართულს ოთხივე მხარეს თითო სალოდე ჰქონდა (სამხრეთ სალოდისგან მხოლოდ ქვის კონსოლებია შემორჩენილი). სალოდეების კედლებში სათოფური ხვრელებია. სართულშუა გადახურვა ხის კოჭებზე იყო გამართული. კოშკს ქვის ფილების ორფერდა სახურავი ჰქონია.

ლიტერატურა

რედაქტირება