თევდორე (X საუკუნე)
თევდორე, "კამარათა მწერალი", X საუკუნის ქართველი მხატვარ-მინიატიურისტი. 940 წელს მას დაუხატავს ე. წ. "ჯრუჭის პირველი ოთხთავის" კამარები და მინიატიურები (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტი, H-1660). ხელნაწერის პირველ ფურცლებზე თევდორეს სახელი ორჯერაა მოხსენებული. კამარებთან ერთად თევდორემ დახატა 8 მინიატურა: 4 მახარებელი - მათე, მარკოზი, ლუკა და იოანე, აგრეთვე ღვთისმშობელი ყრმით, ბრმის განკურნება, ეშმაკეულის განკურნება, განრღვეულის განკურნება. თევდორე დახელოვნებული მხატვარი იყო. მისი მინიატიურები გამოირჩევა ოსტატობითა და არტისტიზმით. მიუხედავად შუა საუკუნეების მხატვრობის პირობითობისა, სხეულთა მოძრაობაში, რაკურსებში, სამოსლის ხაზებში იგრძნობა ცოცხალ ნატურაზე დაკვირვება, ელინისტური მხატვრობის ტრადიციების გამოძახილი. მინიატიურების კოლორიტი მუქია, თავშეკავებული. თევდორე ძირითადად იყენებს ყავისფერს, შინდისფერს, მოყავისფროს, მოლურჯო-ლილისფერს, ნაკლებად-ოქროსფერს, კარმინს, ყვითელს, მწვანეს. თევდორე X საუკუნის ერთადერთი მხატვარ-მინიატიურისტია, რომლის სახელი ჩვენთვის ცნობილია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967;
- ბერიძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 632.