თედოწმინდის წმინდა თევდორეს ეკლესია

თედოწმინდის წმინდა თევდორეს ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თედოწმინდის დასავლეთით, სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (8,2 X 5 მ), ნაგებია რიყის ქვითა და აგურით, კუთხეებში გამოყენებულია ქვიშაქვაც. ძლიერ დაზიანებულია: გადაწოლილია სამხრეთ კედლის დიდი ნაწილი, აღმოსავლეთ კედლის ზედა ნაწილი, კამარა და კონქი, დაზიანებულია ჩრდილოეთ კედელიც. ჩრდილო-დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ კედლების კუთხეებში გამჭოლი ბზარებია. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომლის ქვემოთ, კედელთან, ქვით ნაგები სატრაპეზოა. აფსიდში, ორივე მხარეს განიერი და ღრმა ნიშებია. სარკმელსა და ჩრდილოეთ ნიშს შორის მცირე თახჩაა. დარბაზის კამარა ეყრდნობა სატრიუმფო თაღს და გრძივი დასავლეთ კედლის საბჯენ თაღებს. თაღები დაფუძნებულია მარტივ თარო-იმპოსტებზე. დასავლეთის კედელში ერთი შეისრულთაღიანი სარკმელია, ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში - დიდი ზომის, შეისრულთაღიანი ნიში. ეკლესია გარედან შელესილი იყო. აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ზემოთ, შემორჩენილია აგურის საფეხუროვანი რიგის მცირე ფრაგმენტები. შენობას შემოვლებული აქვს აგურის ოთხი რიგისაგან შემდგარი ლავგარდანი. სახურავი ღარიანი კრამიტისა იყო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.