თეატრალური იმერეთი (ფესტივალი)
საერთაშორისო ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ — თეატრალური ფესტივალი, რომელსაც 2010 წლიდან იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად მართავს. ფესტივალი ყოველწლიურად, ივნისში ტარდება ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში. 2016 წლიდან მას მიენიჭა საერთაშორისო სტატუსი. ფესტივალი სფეციფიკური ხასიათისაა, ის აერთიანებს მხოლოდ იმერეთის რეგიონის პროფესიულ და სამოყვარულო თეატრებს, თუმცა სტუმრის სტატუსით ფესტივალში მონაწილეობს ერთი ქართული (ძირითადად, დედაქალაქიდან მოწვეული თეატრი) და ერთიც უცხოური თეატრი.[1]
კოლექტივებს სპეციალური პროფესიული ჟიური აფასებს და ფესტივალის ბოლოს სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები ცხადდება. გამარჯვებულები ვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო სპექტაკლი, საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი, საუკეთესო სცენოგრაფია, საუკეთესო მუსიკალური გაფორმება, საუკეთესო დრამატურგია, ქალის მთავარი როლი, მამაკაცის მთავარი როლი, ახალგაზრდა ქალის როლი, ახალგაზრდა მამაკაცის როლი, ქალის ეპიზოდური როლი, მამაკაცის ეპიზოდური როლი. საერთაშორისო ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, რეგიონის მუნიციპალიტეტების და იმერეთის თეატრალური საზოგადოების მხარდაჭერით ხორციელდება.[2]
ფესტივალს მუდმივად ჰყავს პროფესიონალი თეატრმცოდნეებისგან დაკომპლექტებული ჟიური, რომელიც წლიდან წლამდე როტაციას განიცდის. ფესტივალი გამოირჩევა მაყურებლის სიმრავლით. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია ლევან გაბრიჭიძწ, ხოლო გენერალური მენეჯერი - მაია პაქსაშვილი.