თბილისის არქეოლოგიური მუზეუმი
თბილისის არქეოლოგიური მუზეუმი — მუზეუმი საქართველოში. მდებარეობს თბილისში დიღმის მასივის თრელიგორების ნასახლარის ერთ-ერთ ბორცვზე. დაარსდა არქეოლოგ როსტომ აბრამიშვილის ინიციატივით 1988 წელს. მუზეუმში დაცულია თანამედროვე თბილისის ტერიტორიაზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალის უმეტესობა. ქალაქის ტერიტორიაზე გამოვლენილი 200-ზე მეტი არქეოლოგიური ძეგლი 6000-წლოვანი უწყვეტი დასახლების ისტორიას ასახავს.
თბილისის არქეოლოგიური მუზეუმი | |
---|---|
დაარსდა | 1988 |
ქვეყანა | საქართველო |
მდებარეობა | დიღმის მასივი, თბილისი |
სტატუსი | სახელმწიფო |
ექსპონატი | 10 000 |
კლასიფიკაცია | ისტორიული[1] |
უძველესია დელისის ენეოლოგიური ნასახლარი (ძვ. წ. V ათასწლ. ბოლო - IV ათასწლ. I ნახევარი), სადაც, დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში უადრესი ბრინჯაოს ნივთები აღმოჩნდა.
თრელიგორები IV ათასწლ. შუა ხანიდან (მტკვარ-არაქსის კულტურა) ადრეფეოდალურ ხანამდე იყო დასახლებული. ნასახლარის ახლოს მდებარეობს თრელის სამაროვანი, სადაც 200-მდე სამარხი იქნა გათხრილი. სამაროვნის შუაბრინჯაოს ხანის სამარხებში აღმოჩენილი კერამიკა და იქ დადასტურებული დაკრძალვის წეს-ჩვეულება ნათელყოფს ამიერკავკასიის მჭიდრო უერთიერთობას წინა აზიასა და ეგეოსურ სამყაროსთან ძვ. წ. II ათასწლ. I ნახევარში.
გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანაში (ძვ. წ. XV-VI სს) თრელიგორები ყველაზე დიდი დასახლება იყო კავკასიაში. თრელის სამაროვნის გვიანბრინჯაოს ხანის სამარხთა შორის განსაკუთრებული მნიშვნელობისააა ძვ. წ. XIII ს-ის წარჩინებული მეომრის სამარხი, სადაც აღმოჩნდა ბრინჯაოს აბზინდა ცხენზე ამხედრებული მამაკაცის გამოსახულებით. ეს მხედრის უადრესი გამოსახულებაა კავკასიაში. ამავე სამარხში აღმოჩენილი ფოლადის დანა ჯერ კიდევ გვიანბრინჯაოს ხანაში რკინის მეტალურგიისა და ფოლადის წრთობის არსებობის მაუწყებელია. განსაკუთრებული სიმდიდრით გამოირჩევა თრელის სამაროვნის ძვ. წ. VIII-VII სს-ის „სამეფო“ სამარხები, რომლებიც საქართველოს თანადროული ძეგლებისგან განსხვავდება და გარკვეულ მსგავსებას აზერბაიჯანისა და ჩრდილო-დასავლეთი ირანის ძეგლებთან იჩენს. ერთ-ერთი ასეთი სამარხის დასაკრძალავი დარბაზის ფართობი 70 კვ. მ-ს აღწევდა. სამარხში აღმოჩნდა 100-ზე მეტი კერამიკული და რამდენიმე ათეული ბრინჯაოსა და რკინის ნივთი: ცხენის 14 კალავმი და საკისრე რგოლები ზარაკებით, ბრინჯაოს სკულპტურული გამოსახულებები, ღვინის ზოომორფული და მოჭიქული ჭურჭელი და სხვ. თრელის სამაროვნის III ს-ის წარჩინებული მეომრის სამარხში ოქროს და ვერხლის ნივთებთან ერთად აღმოჩნდა რკინის ბეჭდები სარდიონის ინტალიებით ათენა პალადასა და მარადიული ცეცხლის გამოსახულებით.
დიდ დიღომში მდებარე საჯოგეს ნასახლარი (ძვ. წ. XV-XIII სს.), სავარაუდოდ, უადრესი ქალაქური ტიპის დასახლებაა კავკასიაში. მას 2 მ-მდე სიგანის დამცავი კედელი ზღუდავს, დარბაზული ნაგებობები დიდი ზომის ქვებითაა ნაშენი. ნასახლარზე თიხის სხვადდასხვაგვარი ჭურჭელი და სამეურნეო იარაღია აღმოჩენილი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- "საქართველოს ძველი ქალაქები: თბილისი", 2006 წ. მეორე გამოცემა. ISBN 99940-0-923-0
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- თბილისის არქეოლოგიური მუზეუმი დაარქივებული 2023-10-05 საიტზე Wayback Machine.