თარგი:დღის სტატია:09-22
მაიკლ ფარადეი (ინგლ. Michael Faraday; დ. 22 სექტემბერი, 1791 — გ. 25 აგვისტო, 1867) — ინგლისელი ქიმიკოსი და ფიზიკოსი (ან ნატურფილოსოფოსი, იმდროინდელი ტერმინოლოგიით).
ლონდონელი მჭედლის ჯეიმზ ფარადეის ოჯახში 1791 წლის 22 სექტემბერს დაიბადა მესამე შვილი მაიკლ ფარადეი. მომავალში გამოჩენილმა მეცნიერმა დაწყებითი სკოლა ვერ დაამთავრა. ოჯახის დუხჭირი ცხოვრების გამო მაიკლი იძულებული გახდა შეეწყვიტა სწავლა და წიგნების მკინძავის შეგირდი გამხდარიყო. მან ეს ხელობა ბრწყინვალედ აითვისა, მაგრამ წიგნები უფრო მეტად აინტერესებდა ვიდრე მათი კინძვა. ბევრს კითხულობდა, ამავე დროს ხშირად ესწრებოდა საჯარო ლექციებს, რაშიც მას ახალისებდა უფროსი ძმა რობერტი, რომელიც მას ლექციებზე შესასვლელი ბილეთების ფულს აძლევდა.