თარგი:დღის სტატია:07-20
ანგორის ბრძოლა, ანკარის ბრძოლა – ბრძოლა თემურლენგსა და ოსმალეთის სულთან ბაიაზიდ I-ს შორის ჩუბუკის მდელოზე, ანგორასთან (ახლანდელი ანკარა) ახლოს. 1402 წლის 20 ივლისს. ანგორის ბრძოლის დაწყების წინ თემურლენგმა სივასი დაიკავა; ოსმალთა ჯარი სივასის დასავლეთით 150 კმ-ზე ტყიან მთებში გამაგრდა და ამით თემურლენგის მთავარ ძალას – ცხენოსან ჯარს სამოქმედო გზა გადაუღობა. თემურლენგმა მოწინააღმდეგეს ზურგიდან მოუარა და გარს შემოადგა ანგორას. ბაიაზიდის ჯარი 20 ივლისს დილით ეკვეთა მტერს. მარცხენა ფრთაზე თემურლენგის ცხენოსნებმა შეაჩერეს ოსმალთა იერიში, ხოლო ანატოლიელი ბეგების თემურლენგის მხარეზე გადასვლამ საბოლოოდ გადაწყვიტა ბრძოლის ბედი. ოსმალთა ორივე ფრთის განადგურების შემდეგ თემურლენგის ჯარი გარს შემოერტყა და გაანადგურა ბაიაზიდის მთავარი ძალები. ამ დამარცხებამ დიდი ხნით შეაჩერა ოსმალეთის იმპერიის ცენტრალიზაციის პროცესი.