თამარ მეარაყიშვილი

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდ

თამარ მეარაყიშვილი (დ.1976 წელს) - დაბა ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან დევნა-შევიწროების ობიექტად იქცა.

თამარ მეარაყიშვილი
ფაილი:Tamara-mm.jpg
დაბადების თარიღი 1976 წელი
ახალგორი, საქართველოს სსრ, სსრკ
ეროვნება ქართველი
პროფესია კინომცოდნე
შვილ(ებ)ი ანა

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაწყებითი განათლება თამარ მეარაყიშვილმა მიიღო ახალგორის (1934-1990 წწ. - ლენინგორი) სკოლაში. შემდეგ მან ჩააბარა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის კინომცოდნეობის ფაკულტეტზე. რაიონში დაბრუნების შემდგომ იგი დაინიშნა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის მოადგილედ, რამდენიმე თვეში კი - დირექტორის თანამდებობაზე, სადაც 16 წლის განმავლობაში მუშაობდა.[1]

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველომ დაკარგა იურისდიქცია ახალგორის რაიონის აღმოსავლეთ ნაწილზე, რასაც ადგილობრივ მცხოვრებთა უმრავლესობის მხრიდან რეგიონის დატოვება და დევნილის სტატუსი მიღება მოჰყვა. თამარმა ახალგორში დარჩენა ამჯობინა.

2014 წლის 3 იანვარს მისი ინტერვიუ გადაიცა რადიო "თავისუფლება/თავისუფალი ევროპის" შვილობილი რადიოსადგურის "ეხო კავკაზას" ეთერში. "ჩვენთან არ არის სპორტი, კულტურა, ცივილიზაცია... ჩვენ თითქოს სხვა პლანეტაზე ვცხოვრობთ. იმის მიუხედავად, რომ საავადმყოფოში არსებობს სამშობიარო, ხუთი წლის განმავლობაში არც ერთი ბავშვი არ დაბადებულა. არის ქირურგიული განყოფილება, მაგრამ ბრმანაწლავის ოპერაციაც კი არ ჩატარებულა. ჯერჯერობით აქ არც ხელისუფლებაა და არც მოსახლეობა".[2] ამ და სხვა აზრების წარმოთქმის გამო დაიწყო მისი შევიწროება, რომელიც ჯერ თანამდებობიდან დათხოვნით გამოიხატა, რასაც მოგვიანებით ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა საქმეების აღძვრა მოჰყვა.

თამარი იძულებული გახდა, ქსოვა დაეწყო და მოქსოვილის გაყიდვით ერჩინა თავი. სოციალურ ქსელში მან გააგრძელა რაიონში კორუფციის, უკანონობის და ძალმომრეობის ფაქტების მხილება. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ცილისწამების ბრალდებით ადგილობრივი ჩინოსნის საჩივრის საფუძველზე აღიძრა. ჩხრეკას და დაკითხვას მისი პირადობის მოწმობის და პირადი ნივთების (მზის სათვალე, საქსოვი ჩხირები, ჩანთა, საღეჭი რეზინა და ა.შ.) ჩამორთმევა მოჰყვა.[3]

2016 წლის მაისში თამარ მეარაყიშვილს ბრალდება გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე ოსური პასპორტის უკანონოდ მიღების და გამოყენების მუხლით წაუყენეს. მომდევნო წლის აგვისტოში კი გამომძიებელმა ის დააკავა შესაბამისი ორდერის და დაკავების მიზეზის ახსნის გარეშე.[4]

2019 წლის აგვისტოში დაიწყო "წნელისის კრიზისი". სოფ.წნელისის მახლობლად ქართული საპოლიციო საგუშაგოს განთავსების საპასუხოდ ცხინვალის ფაქტობრივმა ხელისუფლებამ ჩაკეტა ახალგორიდან დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა, რითაც მკვეთრად დაამძიმა ჰუმანიტარული ვითარება რეგიონში. გამყოფი ზოლის ორ მხარეს მყოფი ოჯახის წევრები ერთმანეთისგან იზოლირებული აღმოჩნდნენ. სამედიცინო კლინიკებში გეგმიური მკურნალობის გავლა ახალგორელებისთვის შეუძლებელი გახდა ისევე, როგორც კუთვნილი პენსიის მიღება. გაჩნდა მედიკამენტების და კვების პროდუქტების დეფიციტი. სამედიცინო მომსახურების არარსებობას 2020 წლის აპრილისთვის ახალგორის 13 მცხოვრები შეეწირა.[5]

ახალგორის იზოლირება უშუალოდ შეეხო მეარაყიშვილის ოჯახს, რადგან თამარის სტუდენტი შვილი თბილისში დარჩა. თავისუფალი გადაადგილების ზოგად შეზღუდვასთან ერთად, პირადი დოკუმენტების ჩამორთმევის გამო თამარი პრაქტიკულად შინაპატიმრობაში აღმოჩნდა.[6]

2019 წლის სექტემბერში თამარმა განაცხადა, რომ ყურადღების მიპყრობის მიზნით შიმშილობის აქციას იწყებდა. მან მოითხოვა შეხვედრა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეებთან, რათა მათი ინფორმირება მოეხდინა რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. მისი კრიტიკა პრობლემების უგულებელყოფის და ინერტულობის გამო ეხებოდა საქართველოს ხელისუფლებასაც.[7]

2019 წლის 16 ოქტომბერს თამარ მეარაყიშვილი ახალგორის რაიონულმა სასამართლომ გაამართლა ორივე საქმეზე, თუმცა პროკურატურამ გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა.[8] ამ უკანასკნელმა 2021 წლის იანვარში ცილისწამების ბრალდება დაუშვებლად სცნო, თუმცა ყალბი დოკუმენტების საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.[9]

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა უყურადღებოდ არ დატოვეს მეარაყიშვილის საქმე. 2020 წლის აპრილში "ემნესტი ინტერნეშნლმა" კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტა და თამარის მიმართ სიტყვის თავისუფლების სრული უზრუნველყოფა მოითხოვა.[10]

დაშინების და შევიწროების მიუხედავად, თამარი დარჩა რეგიონში არსებული სავალალო ვითარების შესახებ ერთ-ერთ სანდო პირველწყაროდ პრობლემებით დაინტერესებული პირებისთვის. 2020 წლის შეჯამებისას მან აღნიშნა, რომ რაიონში თერაპევტიც კი აღარ დარჩა, რის გამოც არათუ მკურნალობა, არამედ დიაგნოზის მიღება გახდა შეუძლებელი.[11]

ოჯახური მდგომარეობა

რედაქტირება

თამარ მეარაყიშვილი ცხოვრობს განცალკავებით ეთნიკურად ოსი მეუღლისგან, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დაფუძნდა.[12]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

პირადი გვერდი ფეისბუკზე

  1. თამარ მეარაყიშვილი: თუ გამამტყუნეს, არ გავიქცევი. oc-media.org (31 January 2020).
  2. თამარ მეარაყიშვილი: ჩვენ არ ვცხოვრობთ არც საქართველოში და არც სამხრეთ ოსეთში. vladikavkaz.bezformata.com (11 Jan 2019).
  3. თამარ მეარაყიშვილი (რუსულად). kavkaz-uzel.eu (18 Dec 2017).
  4. რატომ დააკავეს სამოქალაქო აქტივისტი ახალგორში. kvirispalitra.ge (16 August 2017).
  5. ციხელაშვილი: ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებს ახალგორში 13 პირის სიცოცხლე შეეწირა. tabula.ge (15 აპრილი 2020).
  6. თამარ მეარაყიშვილი: ხელისუფლებისთვის „საკითხი“ მაშინ გავხდები, თუ აქ რამე მომივა. radiotavisupleba.ge (4 September 2019).
  7. ახალგორელმა სამოქალაქო აქტივისტმა შიმშილობა დაიწყო. imedinews.ge (13 სექტემბერი 2019).[მკვდარი ბმული]
  8. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ.სასამართლომ თამარ მეარაყიშვილი მესამედაც გაამართლა. tabula.ge (16 October 2019).
  9. თამარ მეარაყიშვილი საქართველოს მთავრობაზე: როგორც ბიბილოვისთვის, მათთვისაც მიუღებელი ვარ. radiotavisupleba.ge (21 January 2021).
  10. საქართველო:სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონი: ჟურნალისტთა დევნა (ინგლისურად). amnesty.org (8 April 2020).
  11. 2020 წლის შედეგები. ekhokavkaza.com (17 January 2021).
  12. თამარ მეარაყიშვილი: ჩვენ არ ვცხოვრობთ არც საქართველოში და არც სამხრეთ ოსეთში. vladikavkaz.bezformata.com (რუსულად) (11 January 2019).