„თამარის ეპიტაფია“ქართული ხალხური ლექსი, ზეპირსიტყვიერი ეპიტაფიის ნიმუში, სრულდებოდა ფერხულის წესით. ლექსი პირველი პირით არის ნათქვამი („თამარ დედოფალი ვიყავ, თავი ძირს აღარ დავიდე, ზღვაში ჩავყარე სამნები, ხმელეთი ჩემკენ მოვიგდე”...), მასში ოსტატურადაა გამოთქმული ხალხ. სიბრძნე; ამასთანავე, ხალხმა თამარის მოღვაწეობას ფანტასტიკური ელფერიც შემატა (`ქაჯებსა დავდე იჯარა, ისპაანს ხარჯი ავიღე”...). „თამარის ეპიტაფია“ გავრცელებულია საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში; ვარიანტებს შორის არ არის არსებითი განსხვავება.

ვერსიები რედაქტირება

ხალხური პოეზია მოყვანილი აქვს ვახუშტი კოტეტიშვილს[1].

თამარ დედოფალი ვიყავ

თამარ დედოფალი ვიყავ,

თავი ძირს აღარ დავიღე,

ზღვაში ჩავყარე სამნები,

ხმელეთი ჩემსკენ მოვიგდე,

ქაჯებსა დავდე იჯარა,

ისპაანს ხარჯი ავიღე,

სტამბულს ხმალი ვკარ, დარუბანდს,

შამს საბალახე ავიღე,

უსიერი მთა გავკაფე,

დიდი შარაგზა გავიღე,

ღადაღუდა ტყე ვიარე,

ქვაზე საყდარი ავიგე,

აქედან საქმის მომქმედმა,

ცხრა ადლი ტილო წავიღე.

თამარის ეპიტაფია
I

უბისს ავაგე საყდარი,

უწყლოსა წყალი ვადინე,

ზღვაში ჩავყარე სამნები,

ხმელეთი ჩემსკენ მოვიგდე,

ისპაჰანს დავდე ბეგარა,

სტამბულს ხარაჯა ავიღე,

ამდენი საქმის პატრონმა,

ცხრა ადლი ტილო წავიღე.

II

როს გავიზარდე, გავივსე,

თავი ცათამდის გავიღე,

მისრეთს ხმალი ვკარ, დარუბანდს,

მუნ საბალახე ავიღე.

დასავლეთს პალო მივწვადე,

რახსის წყალს გაღმა გავიღე.

ამდენი საქმის მოქმედმა

სული ვარძიას დავიღე.

ანალოგიური ხალხური თქმულება მოცემულია „ქართულ ხალხურ პოეზიაშიც“[2].

თამარ დედოფალი ვიყავ

თამარ დედოფალ ვიყავ,

თავი ზეცამდე ავიღე;

სტამბულს ხმალი ვკარ, დარუბანდს,

შამს საბალახე ავიღე.

უსიერი მთა გავკაფე,

დიდი შარაგზა გავიღე;

ღადაღუდა ტყე ვიარე,

ქედზედ საყდარი ავიგე.

აქედან საქმის მომქმედმა,

ცხრა ადლი ტილო წავიღე.

ლიტერატურა რედაქტირება

  • კოტეტიშვილი ვ., ხალხური პოეზია, ქუთ., 1934;
  • ქართული ხალხური საისტორიო სიტყვიერება. ტექსტი მოამზადა, შესავალი და შენიშვნები დაურთო ქ. სიხარულიძემ, I, თბ., 1961;
  • ცაიშვილი ს., თამარ მეფე ხალხურ სიტყვიერებაში, თბ., 1943. ჯ. ბარდაველიძე.

სქოლიო რედაქტირება

  1. ვ. კოტეტიშვილი, ხალხური პოეზია, საბჭოთა მწერალი, თბ., 1961
  2. ა. ცანავა, „ქართულ ხალხურ პოეზია“, ტ. 1, თბ., 1991