თამარ თავაძე

(გადამისამართდა გვერდიდან თავაძე, თამარ)

თამარ თავაძე (დ. 1898, თბილისი — გ. 1980, იქვე) — ქართველი, თეატრის მხატვარი.

თამარ თავაძე
დაიბადა 1898
დაბადების ადგილი საქართველოს დროშა საქართველო, თბილისი
გარდაიცვალა 1980
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
სფერო თეატრი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1916-1917 წლებში სწავლობდა მოსკოვის მხატვართა სტუდიაში. 1918 წელს ბრუნდება საქართველოში და 1922 წლამდე მხატვრად მუშაობს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. თამარ თავაძე ავანგარდული ხელოვნების წარმომადგენელია. 1920 წელს აფორმებს ბალეტს: „კარნავალი“, რომელსაც დგამს მოცეკვავე, ბალეტმაისტერი, პედაგოგი, მიხეილ მორდკინი. ის იმხანად თბილისში იმყოფება თავის საბალეტო დასთან ერთად („მორდკინის ბალეტი“) და დგამს საბალეტო სპექტაკლებს საოპერო თეატრში. დასის წევრი და სოლისტია თამარ გამსახურდია, ქართველი ბალერინა და შემდგომ დიზაინერი (გერმანია, ბერლინი). რამდენადაც ზუსტი ცნობები არ არსებობს (თუმცა ზოგ წყაროში აღინიშნება, რომ მორდკინმა სპექტაკლი თავისივე მუსიკაზე დადგა), უნდა ვივარაუდოთ, რომ „კარნავალი“ იყო მიხეილ ფოკინის, ქართველი ბალეტმაისტერის, 1909-1912 და 1914 წლებში „რუსული სეზონების“ მთავარი მხატვრული ხელმძღვანელის და მოცეკვავის, დიაგილევის სცენოგრაფიით დადგმული, შუმანის საფორტეპიანო ციკლზე შექმნილი ერთმოქმედებიანი ბალეტი-პანტომიმა. შუმანის საფორტეპიანო ციკლის ბალეტისათვის ორკესტრირების ავტორები არიან: ანტონ არენსკი, ალექსანდრე გლაზუნოვი, ანატოლი ლიადოვი, ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვი, იმხანად, (1918-1921 წლებში) თბილისის კონსერვატორიის რექტორი, ნიკოლოზ ჩერეპნინი.

1924 წელს თამარ თავაძე მონაწილეობს მუშათა და ჯარისკაცთა თეატრში ვიქტორ დოლიძის ოპერის „ქეთო და კოტეს“ დადგმაში (კოსტიუმების ესკიზები). 1928 წელს ამთავრებს მოსკოვის მხატვრულ-ტექნიკური ინსტიტუტის თეატრალურ-დეკორაციული მხატვრობის განყოფილებას. 1927-1936 წლებში მუშაობს მოსკოვის დიდ თეატრში, თუმცა 1930 წელს მისი ხელმოწერა ჩნდება საქართველოს რევოლუციური მხატვრების ასოციაციის (სარმა) დეკლარაციაზე. შემდეგ ბრუნდება თბილისში. ოპერისა და ბალეტის თეატრში აფორმებს როსინის ოპერას „სევილიელი დალაქი“ (1938), კოტე მარჯანიშვილის თეატრში - მოლიერისა და მარკ-ანტუან შარპანტიეს სამმოქმედებიან ბალეტ-კომედიას „ვითომდა ავადმყოფი“ (1943); ლევან გოთუას „მეფე ერეკლეს“ ბათუმის დრამატულ თეატრში (1944). მას შემდეგ, როგორც ჩანს, თამარ თავაძეს ოპერასა თუ დრამატულ თეატრებში სპექტაკლები აღარ გაუფორმებია. ყოველ შემთხვევაში, მისი შემოქმედება დღემდე შეუსწავლელია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ყიფიანი ნ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 175.