ზუბის ციხე
ზუბის ციხე — არქიტექტურული ძეგლი ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუბში.
ციხე დგას მთებით შემოზღუდული ხეობის შუაში მძლავრად ამოზიდულ კონცხზე. იგი ბუნებრივად მიუვალია. მდინარის მხრიდან იცავს შვეული კლდეები და თვით მდინარე. დანარჩენი მხარეებიდან ციხე ტერასულად განლაგებულ ბაქნებზე აშენებული დამატებითი ზღუდეებით იყო გამაგრებული. გალავანი რელიეფს მიჰყვება და ქმნის სამკუთხა ბაქანს, რომლის შუაში ცალი მხრიდან ბურჯით გამაგრებული დიდი ოთხკუთხა კოშკია, ციხის ეზოს ჩრდილოეთ კუთხეში კი – ნახევარწრიული საბრძოლო ბურჯი. აღმოსავლეთით არის დიდი ბურჯით გამაგრებული კუთხის მრგვალი კოშკის ნაშთი, მის ძირში კი – რეზერვუარი წყლისთვის. ციხე ნაგებია უხეშად დამუშავებული კლდის ქვით, რომელსაც ალაგ-ალაგ მოშინდისფრო ან ყვითელი ფერი დაჰკრავს. კედლების წყობა სხვადასხვაგვარია. ციხე მოგვიანებით საფუძვლიანად შეუკეთებიათ.
ლიტერატურა
რედაქტირება- სულავა ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 391.