ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ზოგადი ანესთეზია ფართო მნიშვნელობის ტერმინია და გულისხმობს ხელოვნურად, მედიკამენტური გზით გამოწვეულ მდგომარეობასაც, რომლის დროსაც მიზანმიმართულად ითრგუნება ცნობიერება, მეხსიერება და ტკივილის აღქმა. ზოგადი ანესთეზია გამოიყენება ქირურგიული, დიაგნოსტიკური და სამეანო ჩარევებისათვის. მისი განმასხვავებელი ნიშანი ღრმა სედაციისგან არის პაციენტის გაღვიძების შეუძლებლობა მიუხედავად სტიმულის სიძლიერისა.

უსაფრთხოება

რედაქტირება

ზოგადი ანესთეზიის დროს შექცევადად ითრგუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები — სუნთქვა, სისხლის მიმოქცევა, სითბოს რეგულაცია, რაც მედპერსონალის მხრივ განსაკუთრებით ყურადღებას, ცოდნასა და დახელოვნებას მოითხოვს. ამის გამო, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში ზოგადი ანესთეზიის მიწოდება მხოლოდ საგანგებოდ გაწვრთნილ ექიმს, ანესთეზიოლოგს შეუძლია. თანამედროვე მედიცინის პირობებში, როდესაც ექიმს მოეპოვება შესაბამისი ცოდნა, წვრთნა და აღჭურვილობა, ზოგადი ანესთეზია მაღალი უსაფრთხოებით გამოირჩევა, ამ მაჩვენებლით იგი აღემატება საჰაერო, სარკინიგზო და ავტოსაგზაო მგზავრობის უსაფრთხოებას.

ზოგადი ანესთეზიის მიზნები

რედაქტირება

ზოგადი ანესთეზიის მიზანია უზრუნველყოს პაციენტის უსაფრთხოება და სამედიცინო ჩარევისათვის საჭირო პირობები. ამ პირობებს კი მიეკუთვნება: ანალგეზია, ანუ გაუტკივარება, ჰიპნოზი, ანუ ძილი, ამნეზია, ანუ მეხსიერების დათრგუნვა, უმოძრაობა, ანუ დაცვითი რეფლექსების დათრგუნვა და ოპციონალურად ჩონჩხის კუნთების რელაქსაცია.

ზოგადი ანესთეზიის სახეები

რედაქტირება

ზოგადი ანესთეზიის მიღწევა მრავალი საშუალებით შეიძლება. გამოყენებული მედიკამენტური საშუალებების მიხედვით, ზოგადი ანესთეზია შეიძლება იყოს ინჰალაციური, რომლის დროსაც პაციენტს მიეწოდება რომელიმე ძლიერმოქმედი საინჰალაციო ანესთეტიკი, მაგალითად, ჰალოთანი იზოფლურანი, სევოფლურანი, დესფლურანი და აზოტის ქვეჟანგი; ინტრავენური ანესთეზია, რომლის დროსაც პაციენტს ვენაში ინფუზიის სახით მიეწოდება სხვადასხვა პრეპარატები. შესაძლებელია ასევე ინჰალაციური და ინტრავენური პრეპარატების ერთდროული გამოყენებაც.

ვინაიდან ზოგად ანესთეზიას შეიძლება თან ახლდეს სუნთქვის დათრგუნვა, ხშირად ამ ფუნქციას ჩაენაცვლება ხელოვნური სუნთქვა. სუნთქვის ფუნქციის ჩანაცვლება შეიძლება განხორციელდეს საანესთეზიო ნიღბის, ენდროტრაქეული ინტუბაციის, ლარინგეალური ნიღბისა და სხვა საშუალებებით. ამასთან, პაციენტი შეიძლება იმყოფებოდეს როგორც სპონტანურ, ასევე აპარატული სუნთქვაზე.

ზოგადი ანესთეზიის უზრუნველყოფისათვის უკიდურესად მნიშვნელოვანია სასიცოცხლო ფუნქციების მუდმივი მეთვალყურეობა ანუ მონიტორირება, რაც მინიმალურ პირობებში გულისხმობს სისხლის ჟანგბადით გაჯერების, ელექტროკარდიოგრამის, სისხლის არტერიული წნევის, ტემპერატურის, მიწოდებული და ამოსუნთქული აირების შემადგენლობის მუდმივ კონტროლს. საჭიროების შემთხვევაში, იყენებენ სისხლის არტერიული და ვენური წნევის პირდაპირი (ინვაზიური) გზით გაზომვას, ანესთეზიის სიღრმის, ნერვ-კუნთოვანი გადაცემის მეთვალყურეობას.