ზერტის ღვთისმშობლის ეკლესია

ზერტის ღვთისმშობლის ეკლესია — ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის ცენტრში. თარიღდება XIX საუკუნით.

ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა (16,7 X 9,5 მ), ნაგებია აგურითა და ნატეხი ქვიშაქვით. სარკმლებისა და შესასვლელების წირთხლები ღვინისფერი პორფირიტისაა. თითო თაღოვანი შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთითაა. დასავლეთის კარი ამოქოლილია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე განიერი თაღოვანი სარკმელია, რომლის ქვემოთ მოგვიანებით გაუჭრიათ კარი. აფსიდის იატაკი ოთხი საფეხურითაა ამოღებული. აფსიდის გვერდებზე მცირე ორსართულიანი სწორკუთხა სამკვეთლო და სადიაკვნეა. აფსიდი სამკვეთლოს ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში გაჭრილი კარით უკავშირდება. სამკვეთლოს და სადიაკვნეს აღმოსავლეთ კედელში მცირე თაღოვანი სარკმლებია. ორივე სათავსი დასავლეთით გახსნილი თაღებით უკავშირდება გვერდის ნავებს. სათავსების პირველი სართულები გადახურულია კამარით. სადიაკვნეს პირველი სართული მეორეს უკავშირდება სარკმელთან, კედელში დატანებული ხვრელით. სამკვეთლოს სართულები ერთმანეთს გარედან უკავშირდებიან. მეორე სართულზე დასავლეთ კედლის ზედა ნაწილში სწორკუთხა პატარა ღიობია.

ეკლესიის შუა ნავი გვერდის ნავებისაგან გამოყოფილია წყვილი განიერი ნახევარწრიული ორთაღედით. თაღები შუაში ოთხკუთხა ბურჯებს ეყრდნობა, ხოლო ბურჯებიდან გადასული თაღები - აფსიდსა და ეკლესიის დასავლეთ კედელს. შუა ნავის კამარა უერთდება კონქს. ეკლესიაში ხუთი განიერი თაღოვანი სარკმელია, ორ-ორი - სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში, ერთი - დასავლეთ კედლის ზედა ნაწილში. ბურჯების დასავლეთ მხარეს, ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლების აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სარკმლების ძირში წყვილი თაღოვანი ნიშია. ინტერიერი შელესილია.

აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის თავზე, ჩასმულია მცირე ზომის ჯვარი. აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადების ფრონტონები ამაღლებულია აგურის წყობით. ეკლესიას შემოვლებული აქვს აგურის სამი რიგისაგან შედგენილი ლავგარდანი. გადახურულია თუნუქით. ტაძარი აღდგენილია 1990-1991 წლებში. ამჟამად მოქმედია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.