ზენადრისის ეკლესია
ზენადრისის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენადრისში.
ეკლესია დარბაზული ნაგებობაა. ნაგებია ნათალი ქვიშაქვის კვადრებით დუღაბზე, წყობის ჰორიზონტალობა ძირითადად დაცულია. აღმოსავლეთით დაბალ ცოკოლზე დგას. შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ კედელშია (კარის თავსართის ფორმა არ ირკვევა). დასავლეთი და ჩრდილოეთი კედლები ყრუა. სამხრეთ კედელში სარკმლის არსებობის შესახებ ამჟამად საუბარი შეუძლებელია მორღვეულობის გამო. აღმოსავლეთის სარკმელი ვიწრო, სწორწირთხლებიანი და თაღოვანია. სარკმლის თავსართი გაფორმებულია რელიეფური წარბით, რომელზეც ჯვარია აღმართული (ტიპური IX-X საუკენეების ტაძრებისთვის). აფსიდა ნახევარწრიულია, ორსაფეხურიანი მხრებით გამოყოფილი დარბაზისგან. პროფილირებულ კაპიტელებს, რომლებითაც მხრებია დასრულებული კონქის საბჯენი თაღი ეყრდნობა. საკურთხევლის სარკმლის ორივე მხარეს მცირე სწორკუთხა ნიშია. საკურთხეველი ერთი საფეხურითაა ამაღლებული დარბაზისგან. გრძივი კედლების შუაში თითო ორსაფეხურიანი პილასტრია, რომლის პროფილირებულ კაპიტელებზე კამარის საბჯენი თაღები გადადის. ასეთივე ნახევარპილასტრებია დასავლეთი კედლის კუთხეებში, პილასტრთა ქვედა საფეხურებიდან გრძივი კედლების დეკორატიული თაღედია გადაყვანილი. ტაძარი დაზიანებულია, ჩამოშლილია კონქი, კამარა და სამხრეთი კედლის უდიდესი ნაწილი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 38154