ზემო ყანდაურის ეკლესია

ზემო ყანდაურის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყანდაურის ჩრდილოეთით, დაახლოებით 500 მეტრზე. ეკლესიის სამხრეთ კედელში, გარედან, ჩასმულია ბაზალტის ქვა, რომელზეც ამოკვეთილია ორენოვანი (ქართული და სომხური) სამშენებლო წარწერა. წარწერის მიხედვით ეკლესია აგებულია 1884 წელს, სიმონ პეტრუსოვის „ფულითა და გამრჯობითა“. თუმცა, შენობის კედლებში სხვა, ბევრად უფრო ძველი ფენაცაა შესამჩნევი, რომელიც, როგორც საშენი მასალის რაობით, ისე წყობის ხასიათითაც გამოირჩევა და ხუროთმოძღვრული ნიშნებით გვიანდელ შუა საუკუნეებით შეიძლება დათარიღდეს. ჩანს, რომ ეკლესია 1884 წელს კი არ აუგიათ, არამედ აღუდგენიათ, თუმცა, ამ ფაქტის აღნიშვნის ნაცვლად, წარწერაში, ეკლესიის აგების შესახებაა საუბარი.

ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია გადახურვა და კედლების ზედა ნაწილები, აღმოსავლეთ კედლების ზედა ნაწილები, აღმოსავლეთ კედელი შუაში, მთელ სიმაღლეზე, გახეთქილია. ეკლესიის შიგნით მცენარეულობა და მოზრდილი ხეა მოსული.

ეკლესია დარბაზულია. შენობის თავდაპირველი ნაწილი რიყის თანაბარი ზომის ქვითა და კირის დუღაბითაა ნაგები. წყობაში, აქა-იქ, რიყის ნატეხი ქვები და ლოდებიცაა ჩართული. კუთხეები ოდნავ მოზრდილი ქვებითაა ამოყვანილი. რიგების სწორხაზოვნება ძირითადად დაცულია. მოგვიანებით აღდგენილ ნაწილებში, რიყის ქვასთან ერთად, აგურიცაა გამოყენებული. სარკმლები და არქიტექტურული ელემენტები კი მთლიანად აგურისაა.

ერთადერთი შესასვლელი ეკლესიას სამხრეთიდან აქვს. კარი შიგნითკენ ოდნავ ფართოვდება. იგი გადახურული იყო აგურით ნაწყობი, ბრტყელი თაღით. აღმოსავლეთით ღრმა, ნახევარწრიული აფსიდია, რომელშიც დაბალი, ოთხკუთხა სარკმელი და გეგმით ნახევაწრიული ორი ნიშაა. სარკმელი ჩვეულებისამებრ, აფისიდ ღერძზეა. ნიშები კი აფსიდის ბოლოებთანაა განლაგებული. ჩრდილოეთ ნიშანი წყობიდან გამოშვერილი აგურებით გამოყვანილი თაროა. სამხრეთ ნიშა კი ძირიდან სამოციოდე სანტიმეტრის სიმაღლეზეღაა შემორჩენილი. ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში, აფსიდის მხართან ახლოს, შემორჩენილია სარკმლის ქვედდა ნაწილი. იგი, საკურთხევლის სარკმლის მსგავსად, გარეთკენ ოდნავ ვიწროვდება და დახრილი რაფა აქვს.

ეკლესიის შემორჩენილი კედლები გარედან სადაა. სამხრეთ ფასადზე, შესასვლელის მარჯვნივ, აგურით გამოყვანილი ვიწრო, მაღალი, ოთხკუთხა ნიშა, რომელიც ლოდითაა გადახურული.

ლიტერატურა

რედაქტირება