ზემო მაჩხაანის აკაკიანთხევის სამაროვანი

ზემო მაჩხაანის აკაკიანთხევის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს აკაკიანთხევის მარჯვენა ნაპირას, სერებზე. ნამოსახლარის მოპირდაპირე მხარეს. თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულის I ნახევრით. აღმოაჩნდა 1977 წელს არეოლოგიური კვლევის ცენტრის (აკც) კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის (კაე) არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ივრის მარცხენა სანაპიროს დაზვერვებისას (ექსპედიციის ხელმძღვანელი კ. ფიცხელაური, რაზმის ხელმძღვანელი შ. დედაბრიშვილი). სამაროვანი შეიცავს ქვამიწაყრილიან მცირე გორასამარხებს.

1978 წელს გაითხარა ერთი, განცალკევებული და გამორჩეული გორასამარხი (ქვამიწაყრილის დიამეტრი — 10,3 მ. სიმაღლე — 0,6 მ). ყრილის ქვეშ, ქვიშაქვიან გრუნტში, ჩაჭრილი იყო კუთხემომრგვალებული სამარხი ორმო (სიღრმე მიწის დონიდან — 2,4 მ. სიგრძე — 2,1 მ. სიგანე — 1,8 მ.), რომელსაც დასაწყისში ვიწრო და სამარხისკენ თანდათან გაფართოებული შესასვლელი ჰქონდა. დრომოსი (სიგრძე — 2 მ. სიგანე —1,2 მ. სიმაღლე — 1,2 მ.) ორმოს ძირიდან 0,5-0,6 მ სიმაღლეზე წყდებოდა. მიცვალებულის ჩონჩხი სამარხში არ აღმოჩენლა (სავარაუდოდ, სამარხი კენოტაფია). ორმოს ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეებში, შესასვლელის ორივე მხარეს, საქონლის თავები ეწყო, ძვლები კი ჩრდილო-დასავლეთ კუთხესა და ცენტრალურ ნაწილში გამოვლინდა. ორმოში დადასტურდა ლეგა-მონაცრისფრო ქვაბქოთანა და თიხის შავპრიალა ჭურჭლის ფრაგმენტები; ბრინჯაოს ყუნწგახვრეტილი სატევარი; სარდიონის, მინისებრი პასტის და გიშრის მძივები; ქვიშანარევი თიხით ნაძერწი მსხლის და კვერცხისებრი ქილები, რომელთაც სუსტად ნაპრიალები ზედაპირი, მაღალი ყელი და ბრტყელბაკოიანი პირი აქვთ. აქვე გამოვლინდა მსხლისებრი დერგიც, რომელშიც თიხისივე სამარილე იდო; რუხლაქებიანი, მოვარდისფრო, ცალყურა ბადია, რომლის ქვეშ აღმოჩნდა ცხვრის ჩონჩხი — ყელთან ობსიდიანის დანით.

ერთი ქალის და ქოთნის გარდა, ყველა ჭურჭელი ორნამენტირებულია (გამოყენებულია რელიეფური სარტყლები, ირიბი, წერტილოვანი, ამოკაწრული, ტეხილი, პარალელური ხაზები, სამკუთხედები, ოთხკუთხედები და ა. შ.).

მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ისტორიულ, ეთნოგრაფიულ საცავში.

ლიტერატურა

რედაქტირება