ზემო კაჭრეთის ნამოსახლარი

ზემო კაჭრეთის ნამოსახლარიარქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთის დასავლეთით 2 კმ-ზე. შლარტი ღელის მარცხენა ნაპირზე. განეკუთვნება ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრულსა და I ათასწლეულის I ნახევარს.

ნამოსახლარს მიაკვლია კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი კიაზო ფიცხელაური). ბუნებრივ თავბრტყელ გორაზე კულტურული ფენის სიმძლავრე 1 მ-ს აღწევდა. მისი დონეების დადგენა ვერ მოხერხდა. სამგორის სარწყავი სისტემის მშენებლობის დროს დაზიანდა ძეგლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი.

კულტურული ფენის ჭრილიდან შეგროვილ მასალაში ჭარბადაა თიხის შელესილობის დამწვარი ფრაგმენტები, რაც ხარლასტით ნაგებ შენობათა არსებობაზე მიუთითებს. თიხის ჭურჭლის ნატეხებს შორის საყურადღებოა რამდენიმე ფრაგმენტი, რომლებიც დამზადებულია კარგად განლექილი თიხისაგან და კარგადაა გამომწვარი წითლად ან მორუხო-მოწაბლისფროდ. ორი მათგანი ნაპრიალებია კონცენტრირებული პარალელური ხაზებით, ერთი კი პრიალა ვერტიკალური ხაზებითაა შემკული. აქვე არის თიხის ჭურჭლის პირის, მხარის და ძირის უხეშკეციანი ფრაგმენტები. ძირის კიდე ირიბი ნაჭდევებითაა შემკული, გვერდის ფრაგმენტები კონცენტრული ხაზითაა დასერილი. ასევე არქაული უნდა იყოს რამდენიმე პირ-გვერდის ფრაგმენტები, რომელთა ზედაპირი კონცენტრული ხაზებითაა დასერილი ეგრეთ წოდებული „ფრჩხილისებრი“ ნაჭდევებით შემკული და სხვა.

მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმის გურჯაანის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საცავში.

ლიტერატურა

რედაქტირება