ზემო კაჭრეთის გორასამარხი

ზემო კაჭრეთის გორასამარხი — არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთში, სოფლის დასავლეთით ბრიმაწყლად წოდებულ ტერიტორიაზე. განეკუთვნება შუა ბრინჯაოს ხანიდან გვიანდელი ბრინჯაოს ხანის გარდამავალ პერიოდს.

გორასამარხს 1992 წელს მიაკვლია და გათხარა კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ექსპედიციას ხელმძღვანელობდა კიაზო ფიცხელაური). გორასამარხის ყრილი წარმოადგენს მიწის ზეინულს, გარშემო რიყის ქვების დიდი წრით. ყრილს ზემოდან ქვის ჯავშანი აქვს. ყრილის ქვეშ ორი სამარხი აღმოჩნდა ორივე დამხრობილი სამხრეთიდან დასავლეთისკენ. ერთ-ერთ სამარხში მიცვალებულის ჩონჩხი აღმოჩნდა რომელიც დაკრძალული იყო მარჯვენა გვერდზე. კიდურებმოხრილი, თავით ჩრდილოეთისკენ. მიცვალებულის ქვედა კიდურების არეში კი გაიწმინდა წვრილფეხა საქონლის მთლიანი ჩონჩხი, რომელზედაც მაღალფეხიანი პატარა სასმისი იყო დამხობილი. მიცვალებულის თავის უკან მსხვილფეხა საქონლის კიდურის ერთი ძვალი გამოვლინდა. თავი ბეჭი და სხვა ძვლები ეწყო სამარხის ჩრდილოეთ კედლის გასწვრივ. სამარხში აღმოჩნდა უხეშკეციანი, დიდი ქვაბქოთანი, შავპრიალა ჯამი, დერგის ნატეხები, პირვიწრო და მუცელგანიერი შავპრიალა ჭურჭელი, რომელსაც ნაპრიალები ორნამენტის გარდა აქა-იქ თეთრი საღებავით მოხატვის კვალი ემჩნეოდა. მეორე სამარხშიც ერთი მიცვალებული აღმოჩნდა, დაკრძალული მარჯვენა გვერდზე, კიდურებმოხრილი, თავით ჩრდილოეთისკენ. სამარხის ჩრდილოეთ კედლის გაყოლებით წვრილფეხა საქონლის ძვლები გამოვლინდა სამარხში. აღმოჩნდა ასევე თიხის ჭურჭელი — უხეშკეციანი ქვაბქოთნის ფრაგმენტები და მაღალფეხებიანი პატარა სასმისი. მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საცავში.

ლიტერატურა

რედაქტირება