ზემო ბირცხის წმინდა დემეტრეს ეკლესია

ზემო ბირცხის წმინდა დემეტრეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი სოხუმის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბირცხაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო. აგებულია XX საუკუნეში.

ეკლესია დარბაზულია. ამ ადგილას ადრე იყო ძველი ეკლესია, რომელიც შემდეგ დანგრეულა და ამჟამად ჩანს მისი მხოლოდ საძირკვლის გადაადგილებული ფრაგმენტები. სამშენებლო მასალად გამოყენებული იყო კირქვა და დუღაბი. დღეს ძველი ეკლესიის საძირკველზე არის მოსახლეობის მიერ ახლად აშენებული დარბაზული ეკლესია, რომლის საკურთხეველიც ჩრდილო-აღმოსავლეთითაა მიმართული. დარბაზი გეგმაში კვადრატს უახლოვდება. შემოსასვლელი სამხრეთ-დასავლეთიდანაა, ხოლო გრძივ კედლებში, ერთმანეთის საპირისპიროდ თითო, თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. საკურთხეველი დარბაზისაგან გამიჯნულია ერთსაფეხურიანი მხრებით და მისი იატაკი დარბაზის იატაკზე ორი საფეხურითაა ამაღლებული. საკურთხევლის აბსიდი შებრტყელებულია. აფსიდის ცენტრში გაჭრილია მცირე არქიტრავული სარკმელი. იმის გამო, რომ რელიეფი სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ მკვეთრად დაქანებულია, ეკლესიას ამ მხარეს შედგმული აქვს რკინა-ბეტონის ხიმინჯები. ეკლესიის სახურავი ორქანობიანია, რომელიც მოწყობილია ხის კონსტრუქციაზე. ეკლესია გადახურულია შიფერით.

ამჟამად ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ეკლესიის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Воронов Ю. Н., В мире архитектурных памятников Абхазии, М., 1978

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება