ზაქარია აგულეცი
ზაქარია აგულეცი (სომხ. Զաքարիա Ագուլեցի; დ. 26 სექტემბერი, 1630 ― გ. 1691) — სომეხი ვაჭარი, მემატიანე.
ბიოგრაფია
რედაქტირებაზედწოდება „აგულეცი“ მიიღო მშობლიურ სოფელ აგულისიდან. 17 წლის ასაკიდან ჩაება სავაჭრო საქმიანობაში. იმოგზაურა ამიერკავკასიაში, ირანში, ოსმალეთში, დასავლეთ ევროპაში და შეადგინა „დღიური“, რომელიც 3 ნაწილისაგან შედგება. I ნაწილი შეიცავს ცნობებს აღმოსავლეთ და დასავლეთ სხვადასხვა ქალაქს შორის მანძილისა და მარშრუტების შესახებ. II ნაწილში წარმოდგენილია 1647-1681 წლებში პირადად ნანახი და გაგონილი ამბები; III ნაწილში მოცემულია საკუთარი ოჯახის ბიოგრაფიული ქრონიკა. თხზულება გამოიცა სომხურ (1938) და რუსულ (1939) ენებზე.
საქართველოს შესახებ
რედაქტირებაზაქარია აგულეცის „დღიური“ საყურადღებო ცნობებს შეიცავს XVII საუკუნის თბილისისა და იმდროინდელი საქართველოს ეკონომიკურ ცხოვრებაზე. ქართული ისტორიული წყაროებისგან განსხვავებით, ზაქარია ვახტანგ V-ის ხოშკარში გარდაცვალების თარიღად ასახელებს 1676 წელს. მასთან პირველად ვხვდებით ვახტანგ V-ის მოწამვლის ცნობას. ზოგიერთი ახალი დეტალით ავსებს ჩვენს ცოდნას ვახტანგ V-ის სიკვდილის შემდეგ საქართველოში შექმნილ პოლიტიკუტ სიტუაციაზეც. საყურადღებოა მისი ცნობა დასავლეთ საქართველოში ოსმალთა სამხედრო ექსპედიციაზე არჩილ ვახტანგის ძის წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია, აგრეთვე, ზაქარიას ცნობები სომხეთში მოღვაწე, შაჰის სამსახურში მყოფი ქართველი ეროვნების მოხელეებზე [მაგ., ერევნის სახანოს ქართვ. მმართველი ზალ-ხანი (1679–85), ცნოს ბატონი ფარსადან-ბეგი და სხვ.], თბილისის ზარაფხანაზე, 1651 წლის 11 აგვისტოს დიდი წყალდიდობის შესახებ თბილისში და სხვ.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- დღიური, ნაწ. 2–3. ძვ. სომხურიდან თარგმნა, შესავალი და შენიშვნები დაურთო ლ. დავლიანიძემ, თბ., 1979.
ლიტერატურა
რედაქტირება- მელიქსეთ-ბეგი ლ., ძველი სომხური ლიტერატურის ისტორია, თბ., 1941.
- მაისურაძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 321.